logo_geo
eng_logo
მეგრელი დევგმირი არამხუტუ: შერკინება ოჩოკოჩთან და მითიური ლოდი ქუაქანცალია
- +

8 თებერვალი. 2020. 17:24

 

 

წარმართული ეპოქის ქართული მითოლოგია მხოლოდ მთიანეთში შემონახული ეპოსებით არ შემოიფარგლება, ბევრი საინტერესო ლეგენდაა შემონახული კოლხურ და პროტოქართულ მითოსშიც. მარტო არგონავტების ისტორია რად ღირს, ან ტროას დაქცევის ამბავი, სადაც ელენეს მოტაცება სწორედ ელინების მიერ მედეას მოტაცების საპირწონედ მოიაზრება.

 

თუმცა, ეს საკმაოდ რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე თემაა, ჩემი მიზანი კი პოპულარული ენით უძველესი მითების მოთხრობაა. დღეს მცირე ხნით თუშ-ფშავ-ხევსურეთიდან კოლხეთის ბარში ჩამოვიდეთ და ერთი აქაური ლეგენდა მინდა გიამბოთ.

 

მეგრულ-კოლხურ მითოლოგიაში არის ერთი უცნაური პერსონაჟი, რომელზეც არსებობს როგორც დადებითი თქმულებები, სადაც როგორც გმირს უმღერიან და განადიდებენ, არის მეტ-ნაკლებად უარყოფითიც.

 

კარგით დავიწყებ.

 

მისი სახელია არამხუტუ. ზეციურ ძალებთან კავშირი მასაც აქვს, უძველესი ღმერთების შთამომავალია, ამავდროულად უჩვეულო ძალის მქონე დევგმირი, რომელიც ადამიანებს ეხმარება (თუმცა ზოგჯერ მოძალადედაც გვევლინება).

 

მდინარეების ჭანისწყლის, ინწრისა და მოროჟას ხეობას (დღევანდელი წალენჯიხა) ერთი უზარმაზარი კაციჭამია დევი შეეჩვია (ზოგი ვერსიით ის ოჩოკოჩია, ქართულ მითოლოგიაში ნადირთმფარველი ღვთაება, რომელიც ტყეში ცხოვრობს და გამუდმებული კონფლიქტი აქვს მონადირეებთან). თვეში ერთხელ ჩამოივლიდა სოფლებში და გოგო-ბიჭებს იტაცებდა. შეწუხებულმა მოსახლეობამ დახმარება არამხუტუს სთხოვა. ამანაც დევს შეუთვალა, ხალხის აწიოკებას თავი დაანებე, თორემ ჩემთან გექნება საქმეო. დევს სიცილადაც არ ეყო არამხუტუს მუქარა და ოხაჩქუეს მთებში დაიბარა: აქ მოდი და ვნახავ ერთი, რა შეძლების პატრონი ბრძანდებიო.


 

არამხუტუმ დიდხანს არ ალოდინა, ათიოდ კილომეტრში მდებარე ყვირას მთას დიდი ლოდი მოაგლიჯა და ესროლა. დევმა უკან დაუბრუნა ლოდი. შვიდი დღე და ღამე განუწყვეტლივ იბრძოდნენ ასე. ბოლოს არამხუტუმ აიღო ვეებერთელა ოთხკუთხა ლოდი, კიდევ ერთხელ მოიკრიბა მთელი ძალ-ღონე და პირდაპირ თავში მოარტყა დევს და ორად გაუპო.

 

თუმცა მანამდე თავადაც ხელში მოხვდა დევის ნასროლი ლოდი და სისხლი სდიოდა. ერთ ანკარა ტბასთან მივიდა, მოიბანა ნაიარევი და მაშინვე მოურჩა. სწორედ მაშინ უწოდა ხალხმა ამ ტბას „ტობავარჩხილი“, რაც მეგრულად ვერცხლის ტბას ნიშნავს. ამბობენ, იმის შემდეგ „ტობავარჩხილი“ ჭუჭყს ვეღარ გუობს, თუ ხელს ან ტანს დაიბან, ისე განრისხდება ბუნება, რომ ცამოწმენდილზეც კი იწვიმებსო.

 

ხალხმა მათი გადამრჩენი გმირი ყვირას მთაზე ზარ-ზეიმით აიყვანა. არამხუტუმ მოძებნა ლოდი, რომლითაც დევი დაამარცხა, ამოიღო მიწიდან და ისეთ ადგილზე დადო, რომ თითის შეხებით ექანავა, რათა ეს ამბავი თაობიდან თაობას გადასცემოდა ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების აღსანიშნავად.

 

ლოდი დღესაც ქანაობს ხელის შეხებით და ამის ნახვა ყვირას მთაზე შეგიძლიათ. ამ ლოდს ხალხმა „ქუაქანცალია", ანუ მოქანავე ქვა შეარქვა.

 

 

რაც შეეხება არამხუტუზე გავრცელებულ უარყოფით ლეგენდებს, ეს უფრო გვიანდელ, ქრისტიანობის გავრცელების პერიოდს განეკუთნება. არამხუტუს სახე, როგორც ქრისტიანობისთვის მიუღებელი, უფრო მტრული ხდება და ლეგენდებიც მის შესახებ სწორედ ამგვარ ელფერს იძენს.

 

თქმულების მიხედვით, ახალგაზრდა ხუტუ ჯვარელ ციმინტიებს გამოეცხადა უცნობი სახით. სთხოვა, მწყემსად ამიყვანეთო და ციმინტიებმაც აიყვანეს, მაგრამ მალე ცუდ დღეში ჩავარდნენ. ხუტუ რომ ფარას მიდენიდა, გზადაგზა ციკნებს ატყავებდა და უმად ჭამდა. ციმინტიებმა ხუტუს თავიდან მოცილება მოინდომეს, მაგრამ ვერაფერს უბედავდნენ. ეს კია, სიხარბე და არამობა დასდეს ბრალად და ასე შეარქვეს არამხუტუ.

 

 

ციმინტიების ოჯახმა არამხუტუ წმინდა გიორგის ხატზე გადასცა, მაგრამ წმინდა გიორგი მას ვერ მოერია, ვინაიდან ხუტუ ქრისტიანი არ იყო. ამიტომ თაგვი შეუჩინა არამხუტუს და მისი წვეტიანი ჯოხის გადაღრღნა დაავალა, რომლითაც ის მთიდან მთაზე ხტებოდა. თაგვმაც გადაღრღნა ეს ჯოხი და როცა არამხუტუ ერთი მთიდან მეორეზე გადახტომას აპირებდა, ჯოხი გადატყდა და არამხუტუ ხევში ჩაიჩეხა. ამბობენ, ყავარჯნის ნატეხები ახლაც წმინდა გიორგის სალოცავში ინახებაო.

 

გადმოცემის თანახმად, ხევში ჩაჩეხილი, გაჯავრებული არამხუტუ იქიდან იმხელა ლოდებს ისროდა, რომ მის დაძვრას 50 კაციც ვერ ახერხებდა. ერთ ასეთს დღესაც არამხუტუს ნასროლ ქვას ეძახიან. შესაძლოა, ეს იყოს სწორედ ის „ქუაქანცალია“, თუმცა, პირადად მე პირველი ვერსია უფრო მომწონს და ამიტომ მას უფრო „ვერწმუნები“.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner