„კონსენსუსი უნდა იყოს ისეთი, რომელიც კი არ შეგვარიგებს პიროვნულად ერთმანეთთან, მაგრამ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობითა და ვალდებულებებით გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის იმ განცხადებას, რომ თუ ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზებას არ დათანხმდება, შეთანხმების ფანჯარა უკვე თებერვლის ბოლოს დაიხურება.
გიორგი ვოლსკის თქმით, ამის აუცილებლობას თავად არსებული ვითარება ქმნის, ამიტომ მხარეებმა კონსენსუსს უნდა მიაღწიონ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არ აკონკრეტებს, წავა თუ არა დათმობაზე თავად „ქართული ოცნება“ და აცხადებს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი შეთავაზება ამ ეტაპზე საუკეთესოა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს.
„ჩვენი შეთავაზებით პროპორციული წარმომადგენლობა საკმაოდ მნიშვნელოვნად იზრდება. ასე რომ, ნებისმიერ პარტიას შეუძლია წარმოადგინოს თავისი თავი. ვენეციის კომისია იქნება, თუ ეუთო/ოდირის შემოთავაზება, იქ ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ისეთ პირობებში, როდესაც ოკუპაციაა, ეკონომიკური პრობლემებია, უამრავი გამოწვევა და ასე შემდეგ, სისტემა უნდა იყოს ისეთი, რომ სტაბილურობა უზრუნველყოს. აქედან მომდინარეობს ჩვენი გაკვირვება იმის გამო, რომ 32 პარტიას არ ძალუძს, გარკვეული რაოდენობის მაჟორიტარული მანდატები მოიპოვოს, ისე, რომ არ შეიქმნას ვინმეს გადაჭარბებული ძალაუფლების საფრთხე“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მთავარი არის სტაბილურობა და ის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავის ნების გამოხატვის საშუალება. ამ კონტექსტში გიორგი ვოლსკიმ ეუთო/ოდირის ბოლო დასკვნა გაიხსენა, სადაც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.
„100/50-ზე ოპტიმალურ ფორმულას წარმოადგენს. ფაქტია, რომ პასუხი ჩამოვიდა ისეთი, რომელიც არ აწყობთ და ახლა მიდის ამ ინფორმაციის გადაფარვა. ყველა ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების შეტანა ერთი წლით ადრე არჩევნებამდე არის დამანგრეველი და დამაზიანებელი. კონსენსუსი უნდა იყოს ისეთი, რომელიც ჩვენ კი არ შეგვარიგებს პიროვნულად ერთმანეთთან, მაგრამ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის და ვალდებულებებით გადაწყვეტილებას მივიღებთ.
ისინი ამბობენ, რომ 73/75-ზე მათთვის მისაღებია, მაინც გაიმარჯვებენ, აქედან კუკავა გვიტევს, იქიდან ინაშვილია, აქეთ ორი სხვადასხვა ვაშაძის ბრიგადა, არის კიდევ გარკვეული ერთკაციანი თუ ორკაციანი პარტიული საამქროები, რომლებსაც აქვთ საკუთარი პოზიცია, მაგრამ ეს არის პარტიული პოზიცია და ყველა ხედავს, რომ ეს იმისთვის არის, რომ როგორმე პარლამენტში მოხვდნენ.
ჩვენ ვამბობთ – ბლოკები გნებავთ? არის ბლოკები. პროპორციული წარმომადგენლობა გინდათ? შესანიშნავი შესაძლებლობაა. თქვენ თავად ამბობთ, რომ მაჟორიტარული წარმომადგენლობაც შეგიძლიათ უზრუნველყოთ იმ უშველებელი პოპულარობით, რომელიც გაგაჩნიათ, თუნდაც „ენდიაის“ კვლევებიდან გამომდინარე, მაშინ, რატომ არ შევთანხმდეთ, რატომ არ დავაზუსტოთ და დავადგინოთ თამაშის ისეთი წესები, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარი გაყალბების საშუალებას?! აქედან გამომდინარე, კიდევ დამატებითი ეჭვიც მიჩნდება, საერთოდ უნდათ კი არჩევნები?!“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.