შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე განცხადებას ავრცელებს:
"2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ ევროკავშირი საქართველოს მიიჩნევს ძირითად პარტნიორად რეგიონში. დოკუმენტში ხაზგასმულია ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, ასევე გამოხატულია მზაობა ხელი შუწყოს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებს აქტიური ფინანსური მხარდაჭერის საშუალებით, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.
ევროკავშირი ასევე, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და სახელმწიფოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას.
ევროკავშირის მხრიდან დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" განხორციელება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მშვიდობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის შექმნას ახალი შესაძლებლობები, მათ შორის მათი ინიციატივების მხარდასაჭერად "მშვიდობის ფონდის" დაფუძნების საშუალებით.
იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს მხარდაჭერას და სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებაში დახმარებას გაგვიწევს. ევროკავშირის როლი უმნიშვნელოვანესია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში", - ნათქვამია განცხადებაში