ბოლო 24 საათში, ძლიერი ქარის გამო, 112-ში საქართველოს მასშტაბით 64 შეტყობინება შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„ბოლო 24 საათში, ძლიერი ქარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში მთელი საქართველოდან 64 შეტყობინებაა შემოსული.
შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა. ყველა მათგანზე მეხანძრე-მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს.
გამოძახებების უმრავლესობა თბილისიდან იყო - 49. რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2, იმერეთში- 2, გურიაში - 1, შიდა ქართლში - 4, ქვემო ქართლში- 3, აჭარაში - 2, მცხეთა-მთიანეთში - 1 შეტყობინება დაფიქსირდა.
შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.