საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპოზიციის მიმართ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზება 100/50-ზე კომპრომისული ვარიანტია.
„მმართველი გუნდი დიდი ხანია, მზად არის დათმობებისთვის. გუნდში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მოიძებნა შიგნით კომპრომისი - ეს არის შეთავაზებული ბოლო კომპრომისული ვერსია 100/50-ზე, რომელიც ითვალისწინებს ოპოზიციის მოთხოვნას, წარმომადგენლობითია, არის პროპორციულის შემადგენელი უდიდეს წილად, ასევე გათვალისწინებულია მაჟორიტარული შემადგენელი, რაც იყო მაჟორიტარების მოთხოვნა და რაც არის ძირითადი პირობა, რომ ქვეყანას ექნება იმდაგვარი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მის სტაბილურ განვითარებას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ამასთან, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის, რადგან პარლამენტში მოსახვედრად მხოლოდ რევოლუციურ გზას განიხილავს.
„მე ნაკლებად მგონია, რომ ოპოზიცია მზად არის ამ მოლაპარაკებებისთვის, ნაკლებად მგონია, რომ ოპოზიციას შეთანხმების სურვილი აქვს, რადგან მათი აზრით პარლამენტში მოსვლის ერთადერთი გზა არის რევოლუციური. ეს არის უკიდურესი კომპრომისი, დრო არ მუშაობს შეთანხების სასარგებლოდ, რამეთუ ცოტაა დარჩენილი. ამიტომ თუ ჩვენი კომპრომისული ვარიანტი მათთვის მიუღებელი იქნება, დარჩება დღეს არსებული სისტემა 73/77-ზე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში. აღნიშნული შეთავაზება ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათი თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საერთოდ უარის თქმას ნიშნავს.