„ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად დაიშლება, რადგან არ შეიძლება სხვანაირად“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
„თუ მიხეილ სააკაშვილს განზრახვა აქვს, რომ მთელი თავისი ცოდვები მხოლოდ ვანო მერაბიშვილს გადააბრალოს, არ მგონია, ეს ვინმემ მოცემულობად მიიღოს. ამ კაცს დიქტატორის თვისებები და მოთხოვნები რომ აქვს, ცნობილია. მას უდგას ღრმა პოლიტიკური კრიზისი, როგორც ჩანს, ყველა მიმართულებით. მან მოითხოვა იმის ფორმალიზება, რაც რეალურად ხდება. მისია ყველანაირი რესურსი - მატერიალური და ელექტორალური, რაც ახლა ძალიან შემცირებულია, მაგრამ ამ ყველაფრის ფორმალიზება მოითხოვა. მისი და „ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ იკრიბებიან სხვა პარტიებიც, ამაში დავრწმუნდით, ამის არაერთი აღიარება და დოკუმენტალური მასალებიც ვნახეთ. დღეს მიხეილ სააკაშვილმა არჩია, რომ ერთ-ერთი არ იყოს, იყოს ლიდერი, როგორც ეს სინამდვილეშია და ოპოზიციურმა პარტიებმა დაარქვან თავისი სახელი ყველაფერს. თუმცა, ეს სხვებმა არ მოიწონეს, რადგან სირცხვილია „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი იყო და ამ ფორმით მას მხარს უჭერდე. აქედან გამომდინარე, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს „ბათუ ქუთელიობა“ გამოუვიდათ, დამოუკიდებლები ვართო, თუმცა, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის" ორბიტაზე ტრიალებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „იდეურმა ნაცებმა“ დატოვეს, რადგან მათაც ესირცხვილებათ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლობა.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ვანო მერაბიშვილზე ისაუბრა.
„ვანო მერაბიშვილს რამდენჯერმე უთხრეს, მათ შორის ციხიდან გაიყვანეს და ისე უთხრეს, მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთო. ეს კაცი ამდენი წელია მხოლოდ იმის გამო ზის, რომ ხელი არ აიღო სინდისზე და არ მოაბოდიალა რაღაც ტყუილი, რაც ვიღაც-ვიღაცებმა იკადრეს. ამიტომ, მე მაქვს მის მიმართ პირადი ვალდებულების განცდა. თუმცა, მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა. ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში და რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, ჩაეგდო ჩვენი ქვეყანა ხელში.
ახლა მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო, დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, დავტკბებოდი შვილებთან ახლოს ყოფნით, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გავახელდი თვალებს, გავიხედ-გამოვიხედავდი და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.