გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მალხაზ მაჩალიკაშვილის წარსულ „მოღვაწეობაზე“ სკანდალურ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში საუბარია იმაზე, თუ რას წარმოადგენს ეს ადამიანი, რაზეა წამსვლელი, როგორ გამოირჩევა აგრესიით და ასე შემდეგ. გამოცემა ასევე წერს, რომ საზოგადოებას სრული უფლება აქვს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის პიროვნებას სიღრმისეულად იცნობდეს:
„როგორც ჩვენი წყაროები ამტკიცებენ, ეს ისტორია გასული წლის აპრილში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ საპროტესტო კარავში დაიწყო და გაგრძელდა ბინაში, რომელიც მას დიდუბეში, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდა ნაქირავები.
ჩვენმა მარტვილელმა მეგობრებმა, რომლებსაც თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრ სპეციფიკურ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი, იმ 20 წლის გოგონას სახელი და გვარიც გაგვიმხილეს, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილმა თავისი ძმისშვილის - მორის მაჩალიკაშვილის მეშვეობით, კარავში გაიცნო, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, მის ვინაობას არ და ვერ დავასახელებთ.
როგორც სანდო წყარო ჰყვება, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს მორის მაჩალიკაშვილს თბილისში მეგობარი გოგონა ჰყავდა და იგი მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში ხშირად მიჰყავდა. მორის მაჩალიკაშვილის მეგობარ გოგონას კარავში რამდენჯერმე თან ახლდა მეგობარი - 20 წლის მარტვილელი გოგონა, რომელთანაც მალხაზ მაჩალიკაშვილს გაცნობიდან ცოტა ხანში ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
ინფორმირებულმა ადამიანებმა მალხაზ მაჩალიკაშვილსა და 20 წლის მარტვილელ გოგონას შორის განვითარებული ამბავი წვრილმანი დეტალების დონეზე გვიამბეს, მაგრამ მათ გადმოლაგებას ნამდვილად არ ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას სრული უფლება აქვს, სიღრმისეულად იცნობდეს მაჩალიკაშვილის პიროვნებას, რადგან იგი კარგა ხანია, საჯარო ფიგურად იქცა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობს, აცხადებს, რომ სამართლიანობისთვის იბრძვის, ამ ბრძოლაში საზოგადოების მხარდაჭერას ითხოვს და არ მალავს, რომ ხელისუფლებისადმი შურისძიების გრძნობა ამოძრავებს.
დიახ, ყოველივე ამის მიუხედავად, არანაირი სურვილი არა გვაქვს და არც მივცემთ თავს უფლებას, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს მორალი წავუკითხოთ ან მისი საქციელი რამენაირად განვსაჯოთ, რადგან ყველა ადამიანი საკუთარი ცხოვრების წესს თვითონ ირჩევს, საკუთარ მორალურ სახესაც ძერწავს და საკუთარი თავისათვის მორალური საფლავის გასათხრელი ნიჩაბიც თვითონვე უჭირავს ხელში“.
სხვათა შორის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მარტვილელი გოგონას ამბავი მალევე გახმაურდა საზოგადოებაში და იგივე საზოგადოებამ მისი ვინაობაც იცის გვარ-სახელით. მის შესახებ არაერთხელ დაიწერა სოციალურ ქსელებშიც, მაგრამ არასოდეს გაუპროტესტებია. სტატიის ავტორის თქმისა არ იყოს, პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და არავის აქვს უფლება, სამზეოზე გამოიტანოს, მაგრამ არსებობს მორალი, რომელსაც ხშირად კანონზე მეტი ძალა აქვს.
აი, სწორედ ამ მორალის გამო უნდა შეიკრიბოს პანკისის უხუცესთა საბჭო და საბოლოოდ გაირკვეს რამდენიმე საკითხი ამ ადამიანთან დაკავშირებით, რომელსაც აშკარად მიდრეკილება აქვს ტერორიზმისკენ.
გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მიმართავს პანკისელ უხუცესებს:
იმედია, პანკისის უხუცესთა საბჭო უახლოეს დღეებში შეიკრიბება და საბოლოოდ დაადგენს, სინამდვილეში ვისთან აქვთ საქმე. ქართული საზოგადოება კი მიხვდა, როგორ მანიპულირებს მაჩალიკაშვილი შვილის გარდაცვალებით და როგორ არის ის ჩათრეული „ნაციონალების“ წუმპეში, როგორ უჭირავს ის ბრჭყალებით სანდრა რულოვსს, მაგრამ ეს უპირველესად უნდა გააცნობიერონ და გაიგონ პანკისელებმა, მისმა ნათესავებმა თუ თანატომელებმა.
გელა ზედელაშვილი