საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მშრალხევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა.
ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო. დაზიანებული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი, შეინიშნებოდა ბზარები, უმძიმეს მდგომარეობაში იყო სახურავი, ხოლო კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით.
სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ.
„სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად ძეგლი გაიწმინდა ჩამონაყარი მიწისგან, ქვისგან და მწვანე ნარგავისგან, ძეგლზე დასავლეთით, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მოხდა საძირკვლის გამაგრება, გაკეთდა ბზარების ინექტირება, შეივსო ფასადებზე ნაკლული ქვის წყობა, მორყეული კი გამაგრდა, ჩრდილოეთ ფასადის დასავლეთ ნაწილში, გაწმენდის შემდეგ გამოჩნდა აგურის კარნიზი, რის მიხედვითაც მოეწყო ერთი რიგი აგურის თარო-კარნიზი, ეკლესია გადაიხურა მეორადი კრამიტით, იატაკზე დაიგო რიყის ქვა კირხსნარზე, შესასვლელში ჩამოიკიდა ხის კარი ლითონის ელემენტებით და საკეტით.
ეკლესიის გარშემო ტერიტორიის გასუფთავებისას გამოვლინდა სამხრეთის მხრიდან მინაშენის კედლები, რომელსაც გაუკეთდა საკონსერვაციო ფენა“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სოფელ მშრალხევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ხუროთმოძღვარმა“ განახორციელა.