logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტში უპრეცედენტო პროექტის - „დისტანციური სტაჟირება პარლამენტში“ პრეზენტაცია გაიმართა
- +

10 თებერვალი. 2020. 19:04

 

 

საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის აპარატის ინიციატივით,  უპრეცედენტო  პროექტის - „დისტანციური სტაჟირება პარლამენტში“  განხორცილება დაიწყო.

 

პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის განცხადებით, „დისტანციური სტაჟირება პარლამენტში“  კონკრეტულ ადამიანებზე ორიენტირებული პროექტია.

 

„დღევანდელი დღე ამ პროექტის დაწყების  ათვლის წერტილია.  პროექტი ძალიან ინოვაციურია და რაც მთავარია, ის კონკრეტულ ადამიანებზე, ჩვენს მოქალაქეებზეა ორიენტირებული იმიტომ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, პარლამენტი უფრო და უფრო გამჭვირვალე და უფრო და უფრო ღია ხდება საზოგადოებისთვის. პარლამენტი არ არის მხოლოდ ერთ შენობაში განთავსებული ინსტიტუცია. ის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისთვის. ის ცოდნა, ის  გამოცდილება და ის ფუნქციები, რასაც პარლამენტი ახორცილებს და რომელიც წლების მანძილზეა დაგროვილი, ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ თითოეული დაინტერესებული პირისთვის“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ მისასალმებელ სიტყვაში.

 

მისივე თქმით, წელიწადნახევრის წინ ჩატარებული რადიკალური რეფორმის შედეგად შემოღებული იქნა პარლამენტის სტაჟირების ახალი სქემა, რომელიც  ახალგაზრდებს ხელს უწყობს  მიიღონ ის ცოდნა და  განავითარონ ის უნარები, რომლებიც მათ შემდგომ კარიერულ წინსვლასთან პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული, თუმცა  პარალელურად განხორციელებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ სტაჟირებაში, რომელიც  პარლამენტში ფიზიკურად ყოფნას გულისხმობს ექვსი თვის განმავლობაში, ძირითადად თბილისში და თბილისის შემოგარენში მცხოვრები ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას.

 

„სწორედ ამან დაგვაფიქრა, რომ ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადაგვედგა   და პარლამენტში სტაჟირების პროგრამა ხელმისაწვდომი გაგვეხადა საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანებისთვის. ამის ფუნდამენტი კი გახდა, გასული წლის სექტემბერში, პარლამენტის სასწავლი ცენტრში დაწყებული, ასევე ინოვაციური პროექტი, რომელიც დისტანციურ სწავლებას მოიცავს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

პარლამენტის აპარატის უფროსმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ პროექტის „დისტანციური სტაჟირება პარლამენტში“ განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული ბიზნეს სექტორიც. 

 

მისივე თქმით, პროექტი, რომელიც დღეს დაიწყო, ექვსთვიანია და 10 აგვისტოს სრულდება. პროექტი დაყოფილია სამ ფაზად. პირველი ფაზა მოიცავს გაცნობითი  ხასიათის აქტივობებს საქართველოს პარლამენტში. მეორე ეტაპი დისტანციური გადამზადების ეტაპია, რომლის დროსაც ორი კვირის განმავლობაში ახალგაზრდებს შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში სწავლება, რის შემდეგაც ისინი, ასევე ონლაინ რეჟიმში აბარებენ ტესტებს. ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემდეგ კი იწყება მესამე ეტაპი - ოც კვირიანი სწავლების პერიოდი.

 

გივი მიქანაძის განცხადებით, პროექტის პილოტირება ხდება ორი მიმართულებით, ესენია: ადამიანური რესურსების მართვა და  საერთაშორისო ურთიერთობები. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მინიმუმ დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტია ბაკალავრიატის  ნებისმიერ ფაკულტეტზე.  როგორც პარლამენტის აპარატის უფროსმა აღნიშნა, კონკურსის შედეგად    შერჩეული იქნა 5 ახალგაზრდა.

„ჩვენ გვყავს ერთი სტაჟიორი ლაგოდეხიდან, ერთი - გორიდან, ერთი - ქუთაისიდან,  რომელიც ეტლით მოსარგებლეა და ეს კიდევ უფრო მისასალმებელია, რომ ამ ადამიანს ასეთი ინტერსი აქვს ამ პროექტის მიმართ. ჩვენ გვყავს სტაჟიორი პრაღიდან, ჩარლზის უნივერსიტეტიდან, რომელიც წარმოშობით ქობულეთიდან არის და მეხუთე წარმომადგენელი არის თბილისიდან, რომელიც ამჟამად ოსლოში იმყოფება და დისტანციურად ჩაერთვება ჩვენს პრეზენტაციას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

როგორც პარლამენტის აპარატის უფროსმა აღნიშნა, პილოტირების შედეგები სიღრმისეულად გაანალიზდება, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ეს მიმართულებები გამრავლდეს უკვე კომიტეტების, დარგების   მიხედვით და დისტანციური სტაჟირება უფრო მეტი ინტენსივობით დაინერგოს საქართველოს პარლამენტში.

 

პრეზენტაციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

 

„ამ პროექტში რეგიონების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა მივცეთ ყველას შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ ამ პროცესში. პარლამენტი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია ღიაობის თვალსაზრისით. პარლამენტის კარი ღიაა ჩვენი მოქალაქეებისთვის, მითუმეტეს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ღონისძიების  მონაწილეებს სიტყვით მიმართეს,  ასევე: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, როლანდ კოპალიანმა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა.

 

ღონისძიების მსვლელობისას, პროექტის ხუთივე მონაწილე დისტანციურად ჩაერთო პრეზენტაციას. სტაჟიორებმა ისაუბრეს პარლამენტის ინოვაციურ პროექტში მონაწილეობის საკუთარ მოტივაციაზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner