საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენელმა ლევან კობერიძემ 2020-2024 პერიოდის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ფრაქციის სახელით განცხადება გააკეთა.
„ორ თვეზე მეტია ჩვენი საზოგადოება ელოდება ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგს „ქართული ოცნების" ხელისუფლებასა და ოპოზიციის ერთ ნაწილს შორის. სამწუხაროდ, დღემდე ამ მოლაპარაკებებს კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია და იგი, პრაქტიკულად, ჩიხშია შესული. ჯერ ისევ არ ჩანს ნათლად, მიღწევადია თუ არა ფართო კონსენსუსი საარჩევნო სისტემაზე. 14 ნოემბერს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებაზე და მიმდინარე დიალოგის პროცესის ჩიხში შესვლაზე პასუხისმგებლობა უპირველესად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. აშკარად იკვეთება, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ხელისუფლების უვადოდ შესანარჩუნებლად, ხოლო წინა ხელისუფლება ნებისმიერ ფასად - ძალაუფლების დასაბრუნებლად“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
მისი ინფორმაციით, კამათი ძირითადად მიმდინარეობს არა ხალხისა და ქვეყნის მთავარ ინტერესებზე, არამედ მანდატების რაოდენობაზე, რაც მისივე შეფასებით, „პოლიტიკურ ვაჭრობას“ ემსგავსება. დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული ვითარება საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და დემოკრატიის განმტკიცების პერსპექტივებს საქართველოში.
„პოლიტიკოსები ვალდებულნი ვართ ვიპოვოთ გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მართებული იქნება ქვეყნისათვის და არა კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია კონსენსუსის მისაღწევად ახალი წინადადებების შეთავაზება, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას საქართველოს პარლამენტში და ამასთანავე განამტკიცებს ქვეყნის სტაბილურობას“, -აღნიშნა ლევან კობერიძემ.
სწორედ კონსენსუსის მიღწევის ხელშესაწყობად, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ხელისუფლებას კომპრომისულ წინადადებას სთავაზობს, რომელიც 4 ძირითად პუნქტს ეფუძნება: