საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აღნიშნულზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 28 მაისსა და 10 ივნისს ოფიციალური განცხადებები გაავრცელა და საქართველოს იუსტიციის მინისტრი ცილისწამებაში, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სხვა ამგვარში დაადანაშაულა.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თითქოს საქმეები კოლეგიებს შორის რიგითობის პრინციპის სრული დაცვით ნაწილდება, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი. მე, როგორც იუსტიციის მინისტრი და ამ ქვეყნის მოქალაქე, ვთვლი, რომ პრაქტიკაში კანონით დადგენილი ეს წესი მრავალჯერ დაირღვა. ამაში დასარწმუნებლად თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ანალიზიც კმარა.
მაგალითად, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის (იურიდიული პირის სპეციფიკიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში, სასამართლოში წარდგენილი სარჩელის სუბიექტი არის შპს „ტელეკომპანია საქართველო") ყველა კონსტიტუციური სარჩელი (№№ 675, 678, 679, 681, 720, 721, 726) განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს ერთსა და იმავე - პირველ კოლეგიას დაეწერა. მე დავსვი ლეგიტიმური კითხვა - თუ რატომ მოხდა ასე, რისი უფლებაც ნამდვილად მაქვს. დღემდე პასუხი არ არის. ერთადერთი გამონაკლისი, რომელზეც განცხადებაში მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლო, იყო მხოლოდ №719 კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც მხოლოდ იმის გამო, რომ გასაჩივრებული იყო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ნორმა (ყველა ასეთი შემთხვევა საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმედ და, შესაბამისად, პლენუმის განსჯადად), განიხილა სასამართლოს პლენუმმა.
ზემოაღნიშნულ ყველა დანარჩენ სარჩელში სადავოდ იყო გამხდარი სხვადასხვა კანონის სხვადასხვა, ერთმანეთთან კავშირში არმყოფი ნორმები. ამ სარჩელებს მხოლოდ ერთი ჰქონდათ საერთო - მათი ავტორი „რუსთავი 2". ეს კი საქმეების ერთისა და იმავე კოლეგიისთვის მიკუთვნების საფუძველი არ უნდა გამხდარიყო, არამედ პირიქით! როდესაც ერთი სუბიექტის სარჩელს ყოველთვის ერთი და იგივე კოლეგია განიხილავს და თან ისე, რომ რიგითობის მიხედვით მას მოცემული სარჩელის განხილვა არ ეკუთვნის, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა როგორც საქმეთა განაწილების, ისე მათი გადაწყვეტის ობიექტურობასთან დაკავშირებით. კითხვის დასმა კი თურმე თავდასხმის მცდელობა ყოფილა დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომლის უკანასკნელ ბასტიონადაც საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთარი თავი მიაჩნია ჩვენს ქვეყანაში.
ასევე, ჩნდება კითხვები პროცედურასა და ვადებთან დაკავშირებით. კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ისა და შპს „ტელეკომპანია საქართველოს" ყველა სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ შესაშურად მოკლე ვადაში დაასრულა საქმის განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგიც დააყენა. ასე, მაგალითად, №675 სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო (სადავო ნორმა შეაჩერა) სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვიდან 6 დღეში, ხოლო №681 სარჩელზე იგივე სამართლებრივი შედეგები დააყენა 7 დღეში.
ამგვარი სწრაფი მართლმსაჯულება მისასალმებელია, მაგრამ არა მაშინ, როცა ამას პოლიტიკური მოტივი უდევს საფუძვლად.
ზოგადად რომ შევიქმნათ წარმოდგენა, თუ რა ვადებში განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხებს, საკმარისია, გავეცნოთ მის სტატისტიკას. ვნახავთ, რომ იგი განმწესრიგებელი სხდომის გამართვას, როგორც წესი, ანდომებს თვეებს, ხოლო რიგ შემთხვევაში - წლებსაც. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოში №604 სარჩელი შესულია 2014 წლის ივლისში, №628 სარჩელი კი - 2015 წლის თებერვალში და მათი განხილვაში მიღების საკითხი ჯერაც არ არის გადაწყვეტილი, ან სასამართლოს სტატისტიკაა მცდარი და სწორედ მას შეჰყავს შეცდომაში საზოგადოება. მაგრამ რა ვუყოთ, რომ ასეთი კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი?
არსებობს საქმეები, რომლებშიც მოქალაქეები თუ საერთო სასამართლოები სადავოდ ხდიან ისეთი ნორმების კონსტიტუციურობას, რომლებიც საფუძვლად უდევს ადამიანის თავისუფლების ხანმოკლე თუ ხანგრძლივ შეზღუდვას. საინტერესოა, რა ახსნა ექნება საკონსტიტუციო სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ მან №740 (უგულავა) კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა ჩანიშნა სასამართლოში სარჩელის შესვლიდან 2 თვის ვადაში, №764 (ე.წ. კაბელების საქმე) კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად მიიღო სარჩელის შესვლიდან 1 დღის ვადაში, ე.ი. 1 დღეში საქმე სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გადაეცა კოლეგიას, კოლეგიის თავმჯდომარის მიერ დაეწერა მომხსენებელ მოსამართლეს, მომხსენებელმა მოამზადა პროექტი და მოსამართლეებმა მიიღეს ის. ამ საქმეებთან დაკავშირებული, პატიმრობაში მყოფი პირებისათვის ეს მისასალმებელია, მაგრამ რა დააშავეს სხვებმა, რომელთა ბედის შესახებაც 7 ან მეტი თვის წინ არის შეტანილი კონსტიტუციური სარჩელები ან წარდგინებები? სად არის აქ რიგითობა და მიუკერძოებლობა?
ყურადღებით მოვისმენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნიშნით გამოარჩია მოცემული ორი საქმე და დაიწყო მათი სწრაფი განხილვა მაშინ, როცა სასამართლოს არ გადაუწყვეტია გაცილებით ადრე შესული 15-მდე კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი.
იგივე კითხვები შეიძლება დაისვას საქმის არსებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებით. საქმეებს, რომლებიც შეიძლება იყოს პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი, საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს და წყვეტს მოკლე ვადებში. ამიტომაც ვსვამ ლეგიტიმურ კითხვას, თუ რატომ ხდება ასე.
მაგალითად, №569 კონსტიტუციური სარჩელი (დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და გადაწყვიტა 4 თვის ვადაში, №574 კონსტიტუციური სარჩელი (გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) - 3.5 თვის ვადაში, ხოლო №646 კონსტიტუციური სარჩელი (გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) - 4.5 თვის ვადაში.
სხვა საქმეების გადაწყვეტას კი 1 და მეტი წელი სჭირდება. №550 კონსტიტუციური სარჩელი სასამართლოში 2013 წლის იანვარში შევიდა, №561 და №568 სარჩელები - 2013 წლის ივლის-დეკემბერში, №570 სარჩელი - 2013 წლის დეკემბერში, №580 სარჩელი - 2014 წლის მარტში, №595 სარჩელი - 2014 წლის მაისში და ა.შ. აღნიშნულ სარჩელებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები დღემდე არ მიუღია, კითხვის დასმა კი თავდასხმად აღიქმება.
ყურადღებას ასევე იქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომები საქმეთა განხილვის პროცედურასთან დაკავშირებით. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელებით მიმართეს 2015 წლის 19 ოქტომბერს შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალმა" (№673), 2015 წლის 26 ოქტომბერს - შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-მა და შპს „ტელეკომპანია საქართველომ" (№675) და 2015 წლის 28 ოქტომბერს - სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკმა" (№677). ყველა აღნიშნულ სარჩელში სადავოდ იყო გამხდარი კანონის ერთი და იგივე ნორმა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ" ქვეპუნქტი) და ყველა მოსარჩელე ითხოვდა მისი მოქმედების შეჩერებას საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ (ისევ პირველმა და კვლავ პირველმა!) საქმეების განსახილველად გადაცემიდან სულ რამდენიმე დღეში, იმავე წლის 2 ნოემბერს, ჩანიშნა განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით მხოლოდ №673 და №677 სარჩელებზე და არა - №675 სარჩელზე (რომელიც წარმოადგენდა „რუსთავი 2"-ის სარჩელს და მისი წინ წამოწევა მეტად თვალში საცემი იქნებოდა, ალბათ). ამ გარემოებამ მაშინვე გააჩინა კითხვები, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო, საკუთარი დამკვიდრებული პრაქტიკითვე, ერთნაირი შინაარსისა და მოთხოვნის მქონე საქმეებს ერთად იხილავს. მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს გაირკვა, რომ №673 და №677 სარჩელის ავტორები უარს აცხადებდნენ დავის გაგრძელებაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ, თითქოსდა პანიკურ ფონზე, იმავე დღეს, ისე, რომ არც უცდია უარის დეტალებში დამატებით გარკვევა და ისე, რომ არ მოისმინა მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის მოსაზრება სარჩელთან დაკავშირებით, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა „რუსთავი 2"-ის №675 სარჩელი, მიიღო ის არსებითად განსახილველად და შეაჩერა სადავო აქტის მოქმედება. ეს იყო და არის დღემდე ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმა შეაჩერა ისე, რომ ამასთან დაკავშირებით არ გამართა ზეპირი მოსმენა და არ მისცა მხარეებს შესაძლებლობა, წარმოედგინათ საკუთარი არგუმენტაცია.
ეს ყველაფერი აჩენს კითხვებს.
ყურადღებით მოვისმენ პასუხებს და არა შეშფოთებას იმის შესახებ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრს კითხვა გაუჩნდა", - აცხადებს წულუკიანი.