logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: აშშ არის ფლაგმანი იმ ქვეყნებს შორის, სადაც საბიუჯეტო დანაშაული ყველაზე მძიმე შედეგებით მთავრდება
- +

11 თებერვალი. 2020. 15:51

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბარში გიგი უგულავას საქმეზე ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებას გამოეხმაურა.

 

„ნებისმიერი ჩვენგანის სათქმელი არის ის, რომ ამ თემას პოლიტიკოსი პოლიტიკური რაკურსით აფასებს. სინამდვილეში, ამერიკის შეერთებული შტატები არის ფლაგმანი იმ ქვეყნებს შორის, სადაც საბიუჯეტო დანაშაული ყველაზე მძიმე შედეგებით მთავრდება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობის პირობებში. ეს არის ფაქტი და პასუხიც. ვინ უნდა მოინდომოს, გზა გაიკვლიოს რუსეთისკენ, როცა რუსეთია ოკუპაციის ავტორიც და უმძიმესი, მიმდინარე დანაშაულების ავტორიც. მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა არ ცნობს ემოციურ გადაწყვეტილებებს – რუსეთი თუ ამერიკის შეერთებული შტატები. მიღებულია პრაგმატული გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მიერ, რომ იმ პოზიციაზე დადგეს, სადაც დგანან მისი პარტნიორი ქვეყნები, ამერიკა და ევროკავშირი, ვინაიდან, ეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის არის აუცილებელი და საჭირო. გინდ ემოციურად, გინდ პრაგმატულად და ინტერესებიდან გამომდინარე, საგარეო პოლიტიკა ვერ შეიცვლება“, – აღნიშნავს ვოლსკი.

 

დეპუტატი ოპოზიციის შეფასებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ „ოპოზიციას მსუყე მიზეზი მიეცა, დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმაოს და კვლავ იმ რევოლუციურ სცენარს დაუბრუნდეს, რაც დიდი ხანია, მათ გეგმაში არსებობს“.

 

„ეს არის ფაქტი და ამას თვალნათლივ ვხედავთ. რაც შეეხება დაძაბულობის თავიდან აცილებას იმ მეთოდით, რომ საგამოძიებო სტრუქტურებს თვალი დაეხუჭათ 50 მილიონის გაფლანგვაზე, დამიჯერეთ, ესეც არ დარჩებოდა უყურადღებოდ და საზოგადოებაში ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული მსჯელობის საგანი, განსაკუთრებით, იმ ოჯახის წევრებში, ვინც დაკავებულია გაცილებით ნაკლები თანხის გაფლანგვის გამო. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ვგულისხმობ. საერთაშორისო გამოცდილება მიგვითითებს, რომ ამ თემაზე კომპრომისი პოლიტიკური გარემოებების გამო არ შეიძლება იყოს დაშვებული“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

კონგრესმენი ადამ კინზინგერი გიგი უგულავას დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც კინზინგერმა აღნიშნა, სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner