გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად, ქალაქ ჟენევაში, გაერო-ს ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება.
ორგანიზაციის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველო ჟენევის ოფისს საჩუქრად იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქართულ ქვევრს ჩუქნის.
ქვევრის დადგმის ოფიციალური ცერემონია გაერო-ში 2016 წლის 1 მარტს გაიმართება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და გაერო-ს ოფისის გენერალური დირექტორი. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება მემორიალური დაფა. გაიმართება ქართული ღვინის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია.
ორიგინალი ზომის თიხის ქვევრი ჟენევაში ორგანიზაციის ეზოში სამუდამოდ დაიდებს ბინას. ქვევრი საქართველოში სოფელ მაქათუბანში დამზადდა და მასზე ქართულ და ინგლისურ ენებზე ამოტვიფრულია „საქართველო", „Georgia".
ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ ჟენევაში გაერო-ს განყოფილებაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით ტარდება.