logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი სააკაშვილის განცხადებაზე: არ მგონია, ციხეზე ლაპარაკი ადეკვატური იყოს იმ ადამიანისგან, რომელმაც ციხე წამების მუზეუმად აქცია
- +

11 თებერვალი. 2020. 16:55

 

„არ მგონია, ციხეზე ლაპარაკი ადეკვატური იყოს იმ ადამიანისგან, რომელმაც ციხე აქცია წამების მუზეუმად“, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის განცხადება.

 

„ვინ რას დაემსგავსა, არ ვიცი, მაგრამ თვითონ სააკაშვილი რას დაემსგავსა, ეს არის საინტერესო და როგორ აფასებენ მას თავისივე თანაგუნდელები. „კლოუნადას“ დაემსგავსა საერთოდ მისი გამოსვლები, განცხადებები და ციხეზე ლაპარაკი, არ მგონია, რომ ადეკვატური იყოს იმ ადამიანისგან, რომელმაც ციხე აქცია წამების მუზეუმად. და ესეც გაგრძელდებოდა, რომ არა პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება. 25 ათასი პატიმარი იყო თუ 26 ათასი, მათ შორის, ნახევარზე მეტი დაავადებული იყო ტუბერკულიოზით და C ჰეპატიტით. დღეს გაცილებით ნაკლებია. რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, ადამიანი შეიძლება ეკუთვნოდეს პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ როცა იარაღით ხელში (ცეცხლსასროლი იარაღი არ მაქვს მხედველობაში) იბრძვის, რომ შემოიჭრას საკანონმდებლო ორგანოში, არ მგონია, რომ პირველ რიგში, მისი პოლიტიკური პარტიისადმი კუთვნილება იყოს მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს - საქართველოში.

 

„სულ მალე კი „მატროსოვი“ გარდაიქმნება პოლიტპატიმრების მუზეუმად, იმ პოლიტპატიმრების, ვინც აშენებდა ქართულ სახელმწიფოს და ამის გამო აგებინეს მათ პასუხი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner