logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სააპელაციო სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა
- +

13 ივნისი. 2016. 12:02


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ „რუსთავი 2"-ის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა. ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაქცია აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მარკ ტონერმა უპასუხა, რომ აღნიშნული საკითხი სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს და სასამართლოს გზის გადაწყდეს.


„თქვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოზე საუბრობთ ?! იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სასამართლომ „რუსთავის 2"-ის მფლობელებთან დაკავშირებით მიიღო. როგორც მე მივხვდი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა, რაც ფაქტობრივად, „რუსთავი 2"-ის მოსარჩელე მხარისთვის გადაცემას გულისხმობს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ტელევიზიის მენეჯმენტი მუშაობას სააპელაციო პროცესის დასულებამდე განაგრძობს", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მარკ ტორნერმა.


„მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა დემოკრატიის ფუნდამენტად ითვლება და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოსთვის წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ასე რომ, ჩვენ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და საკითხის გადაწყვეტა სასამართლო გზით განაგრძონ, რათა საქართველოს დემოკრატიული განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ", - თქვა მარკ ტორნერმა.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წილების 60 პროცენტი, მის კომპანია „პანორამას" კი 40 პროცენტი მიეკუთვნა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner