logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ამ ომში ყოველთვის დამარცხებული ხარ, უმწეო და დაჩაგრული...
- +

13 ივნისი. 2016. 12:04


არ ვიცი, კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ის უსუსურობის და ტკივილის მწვავე განცდა ოდნავ განელდეს",- ამის შესახებ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით წერს.


ვიცე-პრემიერი სტიქიის ღამეს იხსენებს:


ბევრი ბრძოლა, ომი გადაგვიტანია, ზოგი მოგვიგია, ზოგი წაგვიგია... მაგრამ სტიქიასთან ომში ყოველთვის დამარცხებული ხარ, უმწეო და დაჩაგრული.

 

რაღაც უცნაური შეგრძნებაა, როცა ტალახში გადაზელილ მანქანებს, ხეებს ეჭიდები, წვიმაში, ირგვლივ ყველაფერი ყვირილში და სიბნელეშია დაფარული: ვიღაცას ხელი გაუწოდე, ვიღაცას რაღაც გადაატანინე, ძაღლი გადაარჩინეს - გაგიხარდა... და გგონია, დასრულდა, ყველგან ყველაფერი უბრალოდ სველია, უბრალოდ ტალახიანი, უბრალოდ დაზიანებული ან დანგრეული და ეს ყველაფერი, როცა გათენდება, გამოსწორებადია, გონება იმ ღამეს ვერ წვდება ტრაგედიის მაშტაბს - სახლებიდან გოგონები გაიტაცა, ბიჭები მანქანიანად, კაცი სახურავზე იდგა... ვერ უშველეს, ვიღაცას მოხუცებულის გამოყვანა ვერ მოუსწრია, მაშველმა თავი გაწირა... ეს ყველაფერი დილიდან, სტიქიის მეორე ტალღასავით დაგვატყდა თავს. ვეფხვმა ადამიანი მოკლა... და ამ დროს განცდა გეუფლება, რომ არაფერი ეშველება ამ უბედურებას... უცებ დავპატარავდით ყველანი და ამ უსუსურობის დროს ერთადერთი ნათელი სხივი მოხალისეები გამოჩდნენ! მათ გამოიყვანეს თბილისი, მთელი საქართველო შოკიდან და დღემდე გაოცებული ვარ ამ ახალგაზრდების, ამ ბავშვების შემართებით და ერთობით! ყველა ასაკის თბილისელის თანადგომით...

 

ყველა დაღუპულის ხსოვნა სამუდამოა ჩვენს მეხსიერებაში, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.

 

ყველა მოხალისეს, მაშველს და სტიქიასთან მებრძოლ გმირებს დიდი მადლობა! ჩვენ ტკივილმა გაგვაერთიანა და გაგვხადა საკუთარ თავზე უკეთესები, ვისურვებდი, ეს ერთობა მხოლოდ ლხინში, ბედნიერ ყოველდღიურობაში გამოგვეხატოს!"- წერს კალაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner