თბილისის ყოფილმა მერმა ნიკო ლეკიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, მომავალ არჩევნებზე პლეხანოვზე კენჭი იყაროს.
„არ არის გამორიცხული, პლეხანოვზე ვიყარო კენჭი. ჩვენს უბანში დიდი შეკრება იყო და ამ გადაწყვეტილების მიღება მთხოვეს. ისე, მე რაჭაზეც ვფიქრობდი... ალბათ, მაინც იმ უბანში ვიყრი, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. შვიდმა პოლიტიკურმა ძალამ მთხოვა, მათი მაჟორიტარი კანდიდატი ვიყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ რა მიმიღია", - განაცხადა ნიკო ლეკიშვილმა.
კითხვაზე, „ქართული ოცნება" და პაატა ბურჭულაძის პარტია სთავაზობდნენ, მათი კანდიდატი ყოფილიყო, ლეკიშვილმა განმარტა, რომ სხვა პარტიებიც არიან.
„არა, სხვებიც არიან. პაატას დიდი ხანია ვიცნობ. ბერი ღირსეული ადამიანია მის პარტიაში და ვფიქრობ, ეს ძალა პარლამენტში ბევრ დეპუტატს შეიყვანს", - განაცხადა ლეკიშვილმა.
ამასთან, ნიკო ლეკიშვილი არ აკონკრეტებს, თუ რომელი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი შეიძლება იყოს.
„გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ალბათ, იმ პოლიტიკური ძალის, ვინც ეს პირველად შემომთავაზა", - განაცხადა ნიკო ლეკიშვილმა.