ავტორი მარიამ გელაშვილი
მიმდინარე წელს თბილისის განვითარების ფონდი რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განახორციელებას იწყებს, რომელთა შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაა. სამუშაოების შედეგად, გამაგრდება საყრდენი კედლები, ჩატარდება სადღესასწაულო დარბაზების მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები. ამ პროექტით ჩატარდება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 25 მილიონი ლარია. სამუშაოები 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
რესტავრაციის თემაზე „რეპორტიორს“ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე ესაუბრა.
- სასახლე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რესტავრაციისას რამდენად შენარჩუნდება ძველი იერი?
- სასახლე კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია. შენობაში არის გამოცხადებული ჩვენი ქვეყნის და ასევე აზრბაიჯანისა, სომხეთის დამოუკიდებლობაც. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ამ ადგილის სტატუსს. სასახლე არის თბილისის უმნიშვნელოვანესი კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტი. პირადად მე შემიძლია გესაუბროთ რა გაკეთდა იმ სამი წლის განმავლობაში, რაც აქ ვარ. ამ მოკლე დროში ნამდვილად ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ ადგილს კულტურული ცენტრის ფუნქცია აღედგინა. ათამდე ფესტივალი დავაფუძნეთ და ასევე დარბაზების სწორი მოვლა-პატრონობის საფუძველზე შევძელით, რომ ბევრი ხელოვანისთვის გაგვეხსნა ეს სივრცე, გავაკეთეთ სასახლის მუზეუმი და უკვე სხვადასხვა დარგის ბევრი ღონისძიება ტარდება სწორედ აქ. შესაბამისად, ამ ადგილის რეაბილიტაციას დიდი რუდუნებით და სიყვარულით ვექცევით. აუცილებელია მოხდეს შენობის მოწესრიგება. საპროექტო სამუშაოები დასრულდა და ეს კომპანია „იკომოსმა“ შეასრულა. თავისთავად ეს კომპანია ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად იყო შერჩეული. საოცარი არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები მუშაობდნენ პროექტზე. მოხდება მთლიანი შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაცია. ხოლო თუ ვინ შეასრულებს სამუშაოებს, დამოკიდებულია ტენდერზე, რომელიც უახლოეს მომავალში გამოცხადდება. რამდენადაც ვიცი კიდევ რიგი პროცედურებია გასავლელი.
- რა ინფრასტრუქტურული პრობლემებია სასახლეში?
- სასახლე სამი ნაგებობისა და ბაღებისგან შედგება. ყველა შენობას აქვს თავისი პრობლემა. მაგალითად, ზოგ ადგილას საჭიროა კედლის გამაგრება, ზოგან - უბრალო რემონტი და ა.შ. ისტორიული, სადღესასწაულო დარბაზების თავდაპირველი იერსახე უნდა აღდგეს და შენარჩუნდეს. ასეთ დარბაზებში იმუშავებენ ხელოვნებათმცოდნეები და რესტავრატორები. არის ისეთი ტიპის ოთახები, სადაც მოხატულობა არ არის. ასეთ ოთახებში უბრალოდ ე.წ. სარემონტო სამუშაოები ჩატარდება. იმის გათვალისწინებით, რომ შენარჩუნდეს ძველი იერი, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ისტორიული მონაცემები.
- მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა სასახლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ხელს უშლით?
- რა თქმა უნდა. ამის გამო სასახლის ბევრი ოთახი აუთვისებელია. ეს პრობლემებს გვიქმნის. შენობის მესამედი ფართი გვაქვს პრაქტიკულად აუთვისებელი, ვერ შევდივართ დაზიანებული ოთახების გამო. ათწლეულებია, რაც რემონტი არ ჩატარებულა. ეს ძალიან დიდ უხერხულობებს გვიქმნის.
- მოსწავლეებს და პედაგოგებს პრობლემა არ შეექმნებათ შენობის რეაბილიტაციის დროს?
- იქნება გარკვეული გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენც მობილურები ვიქნებით. გაკვეთილები ჩატარდება იმ ოთახებში, რომლებიც რეაბილიტაციის დროს იქნება თავისუფალი, რომ სასწავლო პროცესი სრულად არ შეწყდეს. იქნება ადგილმონაცვლებები. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ბევრი პარტნიორი ორგანიზაცია, რომელიც მზად არის დროებით დაგვითმოს ფართები. სხვადასხვა ადგილებში გადავიტანთ ჩვენს ფესტივალებსა და ღონისძიებებს.
- რა სიახლეებია სასახლეში?
- სასახლე არის ადგილი, სადაც ისტორია და მომავალი ერთმანეთს ხვდება. მუდმივად განახლების რეჟიმში ვართ და ვეძებთ ახალ მიდგომებსა და ახალგაზრდებისათვის საინეტერესო თემებს. ახლახანს პლანეტარიუმი აღვადგინეთ და რამდენიმე ახალგზარდა სპეციალისტი მოვიწვიეთ ამ პროექტისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე ათასობით ბავშვი მოვიდა. რადგან ინტერესი დიდია, ახლა ახალ პლანეტარიუმსაც შევიძენთ და ძველს მუზეუმში გადავიტანთ. ასევე ბევრი წრე დაგვემატა. სულ ახლახანს “კლიმის კლუბი” გავხსენით, სადაც ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდები მოვიდნენ. ასევე მაგალითად, თანამედროვე ხელოვნების სტუდია “არდაგი” გაიხსნა. მეორე წელია ანსამბლი „შვიდკაცა“ შემოგვიერთდა, ასევე “თინ ქლაბი” ანუ თანამედროვე მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სკოლა დაგვემატა. სასახლე დროის შესაბამისად ვითარდება. ისეთი წრეები გვემატება, რაც ბავშვებს განუვითარებს უნარებს, რომ საკუთარი წარმატებული ცხოვრება დაგეგმონ - რობოტიკა, ფინანსური განათლება და მეწარმეობა და ასე შემდეგ.