„ჩვენ ყველა, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ გავაცნობიეროთ, რას ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. ხელისუფლება დანაწილებულია სახელისუფლებო შტოებს შორის და ეს შტოები დამოუკიდებლად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებენ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ტ/კ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით.
დეპუტატის თქმით, არ შეიძლება პოლიტიკის შეტანა პროკურატურის სისტემასა და სასამართლო სისტემაში. მისივე განმარტებით, ეს ინსტიტუციები ემორჩილებიან მხოლოდ კანონს და კონსტიტუციას.
„რა თქმა უნდა, მე ადამიანურად ვინმეს ციხეში წასვლა არ მახარებს და, ზოგადად, ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ხარობს ვინმეს ციხეში გაშვებით. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის თანახმად, ყველა სტრუქტურამ თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს. უნდა შევთანხმდეთ, მათ შორის ჟურნალისტებთან, რომ არ შეიძლება, პოლიტიკოსს სთხოვდე პასუხს სასამართლოს ან პროკურატურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ასევე, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი. ვიქნები ეს მე, ნებისმიერი ჩემი კოლეგა ან ოპოზიციონერი, თუ რომელიმე დანაშაულს ჩავიდენთ, არ შეიძლება ამოვეფაროთ პოლიტიკურ სარჩულს. ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი კიდევ უფრო მტკიცდება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მან ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე.
„ჩვენ გავატარეთ სასამართლო რეფორმა ე. წ. მეოთხე ტალღა სასამართლო სისტემის გაძლიერებისთვის, სასამართლოსა და მოსამართლის დამოუკიდებლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება, ასევე მიესალმება ევროკავშირი. იმ ოპოზიციამ, რომელიც დღეს საუბრობს, რომ კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, მათ ამ პროექტს მხარი არ დაუჭირეს. ჩვენ გავატარეთ რეფორმა პროკურატურის სისტემაში. პროკურატურა დღეს არ არის მთავრობის დაქვემდებარებაში. ეს იყო წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც გენერალური პროკურორი იყო იუსტიციის მინისტრი და, ამავდროულად, ის იყო მთავრობის წევრი ანუ ის პოლიტიკური გუნდის წევრი იყო. ჩვენ პროკურატურა გავიტანეთ მთავრობის ფარგლებს მიღმა და დღეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია. არ შეიძლება, ეს რეფორმები არ დაინახო, ამას თვალი არ გაუსწორო და არ შეიძლება პოლიტიკა შეიტანო იქ, სადაც სისტემები ემორჩილებიან მხოლოდ კანონს და კონსტიტუციას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.