logo_geo
eng_logo
გიორგი გაჩეჩილაძე: საქართველოში არის დემოკრატია, კარგი იქნება, თუ ამას დასავლელი მეგობრები რეალურად შეაფასებენ
- +

12 თებერვალი. 2020. 12:19

 

 

ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოში დღეს, წინა ხელისუფლების პერიოდისგან განსხვავებით, დემოკრატიაა და კარგი იქნება, თუ დასავლელი მეგობრები არსებულ ვითარებას რეალურად შეაფასებენ.

 

რაც შეეხება ტეხასის შტატის კონგრესმენის, რენდი უებერის მიერ პრემიერის სახელზე გაგზავნილ წერილს, გაჩეჩილაძის აზრით, ასეთი განცხადებები ძირითადად დაკავშირებულია „ფრონტერას“ საკითხთან და ბუნებრივია, რომ კონგრესმენი მის პოზიციებს იცავს.

 

გაჩეჩილაძის თქმით, უმჯობესია, ყველა მხარე „ფრონტერასთან“ დაკავშირებით საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარე დავაზე გადაწყვეტილებას დაელოდოს.

 

„როგორ ფიქრობთ, არის თუ არა დემოკრატია საქართველოში, როდესაც ამდენი ტელევიზია, ამდენი კამერაა, ყველა რასაც უნდა ლაპარაკობს ტელევიზიით, რასაც უნდა იმას აკეთებს და ა.შ. ასეთი რამ ხომ არ იყო ამ ქვეყანაში, ამიტომ დემოკრატია როგორ არ არის და კარგი იქნება, თუ ამას რეალურად შეაფასებენ ჩვენი მეგობრები დასავლეთში. რაც შეეხება ბოლო განცხადებას, ტეხასის კონგრესმენის, ეს პირველი განცხადება არ არის და ძირითადად თუ დააკვირდით, ეს არის დაკავშირებული „ფრონტერას“ საკითხთან და ბუნებრივია, რომ ტეხასის კონგრესმენი იცავს მის პოზიციებს. თუმცა, მე ვურჩევ, რომ დაელოდოს ყველა საერთაშორისო არბიტრაჟს, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს თავის გადაწყვეტილებას და შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს ვინმე“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

 

ამასთან, გაჩეჩილაძემ თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგი უგულავას დაკავების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ თუ საქმეში კარგად გაერკვევიან, ნახავენ, რომ ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნები არ არსებობს.

 

„მესმის ეს შეშფოთება, ბუნებრივია, შეშფოთება იქნება, თუმცა, კარგად თუ ჩაიხედავენ საქმეში, მიხვდებიან, რომ როდესაც ადამიანი, პოლიტიკოსი ბიუჯეტიდან 48 მილიონს გაფლანგავს, ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნები არ უნდა ჩნდებოდეს. იგივე მინდა ვკითხო ჩვენს მეგობრებს ევროკავშირში, აშშ-ში, კონგრესმენებს, ხელისუფლებებს, რომ მათმა წევრმა თუ გააკეთა ამდაგვარი რაღაც, ისინი რა პოზიციას დაიჭერენ ამასთან დაკავშირებით, კონგრესმენი იქნება თუ პარლამენტის წევრი. პოლიტიკური დევნა რატომ არის, როდესაც ადამიანმა გაფლანგა ბიუჯეტიდან 48 მილიონი. ვფიქრობ, ცოტა ღრმად რომ ჩაიხედავენ საქართველოში მიმდინარე პროცესებში, დაინახავენ, რომ აქ წმინდა კორუფციული საკითხებია, აქ არის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ხელისუფლებაში ყოფნის დროს საკუთარი ინტერესების გამოყენებაზე. ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ, დელეგაცია წასულია და ინფორმირება მოხდება.

 

დანაშაული რომ აქვს ადამიანს ჩადენილი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ის უნდა დაისაჯოს თუ არა, ეს არის მთავარი. ნუ ქმნით საზოგადოებაში უცნაურ აჟიოტაჟს, სახელმწიფო თუ არის და სახელმწიფო თუ ფუნქციონირებს, ის აუცილებლად უნდა რეაგირებდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე. თქვენ იცით, რომ არსებული ხელისუფლება არც საკუთარ წევრებს არ ინდობს და უამრავი მაგალითი არსებობს ამის, ბოლო ხანებში, თუნდაც კორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით მერებისა, თუ სხვათა დაპატიმრების“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

 

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების გეგმებს, გაჩეჩილაძის განმარტებით, საქართველოში დემოკრატიაა და ოპოზიციას აქვს თავისუფლება, საკუთარი სურვილის შესაბამისად იმოქმედოს.

 

თუმცა, გაჩეჩილაძის თქმით, ოპოზიციამ პოლიტიკური მიზნები უნდა განახორციელოს ისე, რომ  არ დაარღვიოს კანონი და არ მოაწყოს დესტაბილიზაცია.

 

„საქართველოში დემოკრატიაა, თავისუფლებაა, როგორც უნდათ, დაგეგმონ, როგორც უნდათ, მოიქცნენ. მათი ნებაა, როგორც უნდათ, ისე განახორციელონ თავიანთი პოლიტიკური მიზნები, ოღონდ კანონებს ნუ დაარღვევენ საქართველოში და დესტაბილიზაციას ნუ მოაწყობენ“, - აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.

 

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner