„რატომ არ უნდა დაესაჯათ უგულავა ახლა და ეს აქტი „უკეთესი მერმისისთვის“ გადაედოთ? სამართალაღსრულება ხომ მაშინ უნდა დადგეს, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება“, - ამის შესახებ ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი დავით იაკობიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, არავის უკვირს გიგი უგულავას კორუფციის ბრალდებით დაპატიმრება.
„კორუფცია ხელისუფლების მაღალ ეშელონებში საინტერესო თემა გახდა ამ ბოლო პერიოდში. მნიშვნელობა არა აქვს, მის „შემოქმედს“ სახლში მიაქვს ფული თუ პოლიტიკურ პროცესებში იყენებს. აზიაში, ევროპაში, ლათინურ ამერიკაში თუ დედამიწის სხვა ნაწილებში უამრავი პირველი პირი ამხილეს სისხლის სამართლის ამ დანაშაულში. ამიტომ არავის უკვირს ჩვენი ქალაქის მერის გიგი უგულავას დაპატიმრება კორუფციის ბრალდებით. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ეს იურიდიული ჭეშმარიტება არავითარ გაუგებრობას არ იწვევს. საკვირველია სხვა რამ, კერძოდ ის, რომ ზოგიერთი პატივსაცემი ადამიანიც კი გაჰყვირის „უგულავა არ უნდა დაგეჭირათო“. ე.ი. მერე რა, რომ 48 მილიონი უმიზნოდ გაფლანგა, მაინც არ უნდა დაგეპატიმრებინათო. რა ლოგიკას ეყრდნობა ასეთი აზრი? რომც იფიქრო, არც უნდა თქვა, იმდენად ძლიერი უაზრობაა. ასევე, გაუგებარია, თუ რატომ არ უნდა დაესაჯათ უგულავა ახლა და ეს აქტი გადაედოთ „უკეთესი მერმისისათვის?“ სამართალაღსრულება ხომ მაშინ უნდა დადგეს, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება“, - წერს დავით იაკობიძე.