logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციასთან დიალოგი არ უნდა იყოს დაკავშირებული სამართლებრივ საკითხებთან
- +

12 თებერვალი. 2020. 16:10

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება უნდა გაიმართოს, თუმცა ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული სამართლებრივ საკითხებთან.

 

ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი ვოლსკი დიალოგის წარმართვის თაობაზე ოპოზიციის მხრიდან უარის თქმას გამოეხმაურა.

 

„მომართვა, რომელიც საზოგადოებაში ვრცელდება, შემდეგი შინაარსის არის - „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა გენერალური პროკურატურა უნდა გამოიძახონ ან სხვა ფორმით მითითება მისცენ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები - მერები, მერების მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარეები ფინანსური დანაშაულისთვის გაასამართლოს და ხელი არ ახლოს ადამიანს, თუ ის ოპოზიციას წარმოადგენს. ხელისუფლების მიმართ დაახლოებით ასეთი სპეკულაციური შეთავაზება კეთდება. არ ვფიქრობ, რომ მოლაპარაკება, რომელიც უნდა გაიმართოს, დაკავშირებული უნდა იყოს სამართლებრივ საკითხებთან. თუ ამ თემაზე კითხვები არსებობს, შეუძლიათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ და კვალიფიციური გადაწყვეტილება მიიღონ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე დამნაშავედ ცნო  და მას სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

უზენაესი სასამართლოს განაჩენი ცნობილი გახდა მაშინ, როცა ლეიბორისტული პარტიის ოფისში საარჩევნო სისტემის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობდა, რომელშიც უგულავაც მონაწილეობდა. შეხვედრის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ დიალოგის მეხუთე რაუნდი არ იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner