„როგორც მმართველი პოლიტიკური პარტია და მმართველი ძალა, დაინტერესებული ვართ, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი და ამ ხარისხის მიმართ ნდობა ძალიან მაღალი იყოს“, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელსაც გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე საერთაშორისო გამოხმაურებების შესახებ ჰკითხეს.
მაია ცქიტიშვილის შეფასებით, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგი აქტიური იყოს.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის, რომ დიალოგი არის ერთადერთი საშუალება.
„საქმიანი მიდგომა, მათ შორის პოლიტიკური საკითხებისადმი არის ერთადერთი საშუალება და გზა, რომლითაც შეგვიძლია, განვავითაროთ როგორც ჩვენი დემოკრატია, ასევე საარჩევნო კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, ბრიფინგი, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებაში“ ჩატარდა, იყო რეაქცია ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე მოლაპარაკების მაგიდის დატოვებასთან დაკავშირებით. სრულად ვიზიარებთ ჩვენი პარტნიორების მოსაზრებასაც, რომ დიალოგი არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა და გვინდა, ამ დიალოგის ინიციატორიც ვიყოთ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, მმართველ პარტიას შეთავაზება უკვე გაკეთებული აქვს და ახლა საჭიროა შეთავაზების განხილვა მოლაპარაკები რეჟიმში და არა, ქუჩის აქციების პროცესში.
„დიალოგისკენ მოწოდება კონსტრუქციული გზაა, რომლითაც ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი უნდა წარვმართოთ“, - ამბობს ცქიტიშვილი.
ამასთან, მისი თქმით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავასა და დიალოგის შესაძლებლობის თემები.
„ამ ორ თემას ერთმანეთს ნუ დავაკავშირებთ. როდესაც მართლმსაჯულებაზე ვსაუბრობთ, მართლმსაჯულებას კარგი და ცუდი დრო არ აქვს. სამწუხაროა, რომ მისი აღსრულების დრომ შექმნა თუნდაც განცდა, რომ ეს შეიძლება, პოლიტიკურად მოტივირებული ან პოლიტიკურად დაკავშირებული იყოს. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ამ ფაქტს იყენებს დიალოგის ჩაშლისთვის“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველო სამართლებრივი ქვეყანაა და მართლმსაჯულება მოქმედებს ყველასთან მიმართებაში, პოლიტიკოსთან თუ რიგით მოქალაქესთან.