„მინდა, ჩემს მეგობარ ნაჩო სანჩეს ამორს ვუთხრა, რომ ჩვენც გვირჩევნია, პოლიტიკური ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან, პარლამენტში ისხდნენ და არ იყვნენ პიკეტირებისა და ბოიკოტის რეჟიმში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, რითაც ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, გაცილებით მცირე დანაშაულისთვის „ქართული ოცნების“ სახელით წარდგენილი და გამარჯვებული მაღალჩინოსნები სასჯელს იხდიან.
„იმედი მაქვს, ჩემი კომენტარიც მივა მასთან, როგორც ჩემთან მოვიდა მისი კომენტარი. გვირჩევნია, რომ ჩვენმა მაღალჩინოსნებმა, რომელთაც სამწუხაროდ, გადაცდომა დაუშვეს ისევე, როგორც ოპოზიციის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, არ დაუშვან ბიუჯეტის ასეთი გაფლანგვა. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მკაცრ სასჯელს იხდიან და ასჯერ, ორასჯერ ნაკლები დანაშაული მიუძღვით, თუ ამას თანხაში შევაფასებთ, არ მგონია, რომ ბატონ ამორს ამაზე დამატებითი კითხვები გაუჩნდეს. საქმე ძალიან დიდ დანაშაულთან გვაქვს. სამწუხაროდ, გაცილებით მცირე დანაშაულისთვის „ქართული ოცნების“ სახელით წარდგენილი და გამარჯვებული მაღალჩინოსნები სასჯელს იხდიან“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ევროპარლამენტარი, ესპანელი დეპუტატი ნაჩო სანჩეს ამორი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ამორმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ნებისმიერი პოლიტიკური აქტორი, მათ შორის უგულავა, რომელიც საკვანძო მონაწილეა, უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმოდგენილი და არა ციხეში“, - წერს ამორი.