მმართველი გუნდი ევროპარალამენტს ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნას სთავაზობს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში „ქრონიკასთან" საუბრისას განცხადა.
„კომისია უნდა დაკომპლექტდეს ევროპარლამენტარებით, რომლებიც ეწვევიან საქართველოს და ადგილზე შეისწავლიან მაგალითად გიგი უგულავას საქმეს. ფაქტების დამდგენ მისიას ექნება წვდომა ყველა დოკუმენტზე. მისია შეისწავლის როგორც შინაარსს, ასევე პროცედურულ მხარეს“, - განაცხადა კობახიძემ.
უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.