logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: რეგიონების განვითარებისათვის გასულ წელს უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაო ჩატარდა
- +

12 თებერვალი. 2020. 19:50

 

რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონების განვითარების მიზნით არსებული ფონდებითა და პროგრამებით დაფინანსებული პროექტების 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

 

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, რეგიონების განვითარებისათვის გასულ წელს უპრეცენდენტო მასშტაბის სამუშაო ჩატარდა და 402 მილიონი ლარის 6 774 პროექტი დაფინანსდა.

 

„ეს არის პროექტები, რომლებსაც უშუალოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით. მხოლოდ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს განახლდა, 4 000-ზე მეტი პროექტი შესრულდა, ანუ თითოეულ დასახლებაში სულ მცირე ერთი პროექტი მაინც გაკეთდა. გარდა ამისა, 2019 წელს ჩვენ დავიწყეთ სკოლების ინფრასტრუქტურული განახლება და რეგიონებს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ 600-ზე მეტი სკოლის მცირე რეაბილიტაცია თავად განეხორციელებინათ, რისთვისაც 40 მლნ ლარის დაფინანსება გამოიყო. ამის გარდა, ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ასევე სიახლე იყო მუნიციპალიტეტებისთვის, ეს არის ამბულატორიების და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობა და ამ პროგრამის ფარგლებშიც 300-ზე მეტი ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. მათი უმეტესი ნაწილი უკვე დასრულდა. ასევე, 41 სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა დაიწყო რეგიონებში და 2020 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენს ამ ობიექტების აღჭურვას. ყველა ეს პროექტი ემსახურება ჩვენს რეგიონებში იმ საბაზისო ინფრასტრუქტურის განახლებას, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს ბევრ ინვესტიციას, ესაა გზები, ლოკალური წყალგაყვანილობის ქსელების მოწყობა, გარე განათება, პარკები, სკვერები, მცირე სპორტული ნაგებობები და ა.შ.“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

მინისტრის თქმით, რეგიონული პროექტების შესრულებაში 1 000-ზე მეტი კომპანია და 15 000 – ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული.

 

მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა პროექტების მართვაში დანერგილ სისტემურ ცვლილებებს, რამაც შედეგების გაუმჯობესება განაპირობა. საუბარია სატენდერო დოკუმენტაციის ოპტიმიზაცია-სტანდარტიზაციასა და საპროექტო ტენდერების კონსოლიდაციაზე კატეგორიების მიხედვით, ასევე – კომპანიებისათვის მოთხოვნების გამარტივებასა და პროექტების წინასწარი დაგეგმვაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner