logo_geo
eng_logo
ვინ დგას facebook-სენსაციად ქცეული „ტფილისის სტამბის“ უკან
- +

13 ივნისი. 2016. 12:36

როგორც მოგეხსენება, საქართველოის მთავრობა ევანდელ წელს მრავალს თამაშობასა და სალაღობო ღონისძიებას აწყობს ერთის პროგრამის ფარგლებში, რომელსაცა #ჩამოისაქართველოშიდაჰკარფეხიმიწასდასთქვიჰეაქავარო ჰქვიან. ამ პროგრამით რამოდენიმე დღის წინად ტფილისში, დიდს საფეღბურთო მოედანზედ ცნობილმა აშუღმა ვილიანთ რუბენამ კონცერტი გაჰმართა და თავისის ჰანგებით მსმენელი გაახარა..." - ეს ერთ-ერთია იმ სახალისო პოსტებიდან, რომლითაც facebook-საზოგადოებას ბოლო დროს ერთი იუმორისტული გვერდი ტფილისის სტამბა ანებივრებს.

 

ტფილისის სტამბას არც ისე ბევრი - 11 ათასი მოწონება აქვს, თუმცა მისი პოსტები ხშირად ხდება ფეისბუქში საყოველთაო მხიარულების მიზეზი. საიდან გაჩნდა გვერდის შექმნის იდეა, რატომაა ყველა პოსტი მე-19 საუკუნის ენით - ამ და სხვა კითხვებით გვერდის ადმინებს - მინდია არაბულს და ნიკო ქელბაქიანს მივმართეთ:

 

 

- ფეისბუქზე არის ერთი რუსულენოვანი გვერდი - Дореволюціонный Совѣтчикъ, რომლებიც სწორედ მე-19 საუკუნის ენით წერენ თანამედროვე მოვლენებზე და თარგმნიდნენ" ახალ სიმღერებს. თუმცა გაცილებით დიდი რედაქციაა და ამ გადათარგმნილ სიმღერებს კლიპებადაც წერენ ხოლმე. ორივეს ძალიან მოგვწონდა ეს გვერდი და ერთხელაც ფეისბუქში საუბრისას უცებ გადავწყვიტეთ, ქართულადაც გაგვეკეთებინა მსგავსი გვერდი. ტფილისის სტამბის ადმინები, რედაქტორები, კორესპონდენტები, ფოტოგრაფები და ღამის დარაჯებიც ვართ ორი ადამიანი, მინდია არაბული და ნიკო ქელბაქიანი.

 

- რატომ თბილისის სტამბა?

 

- „ტფილისის სტამბა“ , რამეთუ ვართ გვერდი, რომელიც მე-19 საუკუნის ქართული პერიოდიკის ენის იმიტაციას ცდილობს და ამავდროულად აქტუალურ საკითხებზე წერს.

 

- რატომ გადაწყვიტეთ, გამოგეყენებინათ მე-19 საუკუნის ენა?

- მე-19 საუკუნის ენა, ალბათ, ყველაზე მოსახერხებელია სტილიზებისთვის. ეს არის პერიოდი, როდესაც ჯერ უნივერსიტეტი არაა დაარსებული და ქართული ენის გრამატიკის წესები მკაცრად არაა ჩამოყალიბებული. თუმცა, შემდეგ ეს წესები სწორედ ამ პერიოდის მწერლების სტილებით ჩამოყალიბდა და, შესაბამისად, თანამედროვე ქართულისგან ძალიან შორს არაა.

 

- უამრავი საინტერესო და სახალისო პოსტი გქონიათ. რომელი იყო ყველაზე პოპულარული?

- ბოლო პოსტი გამოდგა ყველაზე პოპულარული, რობი უილიამსის შესახებ. მანამდე მგონი მხოლოდ ხის გადატანის ამბავს ჰქონდა 1000-ზე მეტი მოწონება.

 

- საზოგადოებისაგან თუ ელოდით ასეთ რეაქციას?

 

- მგონი, დიდად არც არაფერს ველოდით, უფრო ფორმატის მოსინჯვა გვინდოდა. ფეიჯის შექმნა ფეიჯის შექმნისთვის , თუმცა პირველსავე პოსტზე დიდი გამოხმაურება გვქონდა, ზაზა ფაჩულიას შესახებ. ხალხი აზიარებდა, ჰეშთეგებს უწერდა, ალბათ მაგან მოგვცა დიდი ბიძგი თავიდანვე. კომენტარების უმეტესობა ძირითადად მოიცავს ისეთ ტექსტებს, როგორებიცაა აააააააააააააააა, ვააააააააააიმეეეეე, ცუდად ვააააარ და ბევრ სმაილს. ასე რომ, არა მგონია, ვინმეს გულთან ახლოს მიჰქონდეს ჩვენდამი წყენა.

 

- ძალიან ბევრი იუმორისტული გვერდია, რა არის ის, რითაც სხვებს კონკურენცია უწევთ?

 

- შეუდარებელი ქარიზმა და ვუდუ. სამომავლოდ ვაპირებთ გავაგრძელოთ, რასაც ვაკეთებთ. ასევე გეგმებში გვაქვს პოდკასტის გაკეთება და იმედია, გამოგვივა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner