იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მას საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს და მასზე პასუხებს უახლოეს მომავალში ელოდება.
მინისტრი დაინტერესებულია, რა პოლიტიკას ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლო. თეა წულუკიანს კითხვები საქმის განხილვის ვადებთან, რიგითობის პრინციპთან და არსებით განხილვასთან დაკავშირებით აქვს.
„მინდა დავსვა კითხვები საკონსტიუციო სასამართლოსთან დაკავშირებით. ვსვამ პროცედურულ კითხვებს. მოვითხოვ პასუხებს და ამ პასუხებმა უნდა აჩვენოს საზოგადოებას, არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო, მისი თავმჯდომარე და პირველი კოლეგია პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტი, არის თუ არა ეს ინსტიტუტი ამის გამო „ნაციონალური მოძრაობის" სამსახურში. დავსვი კითხვები და კვლავ ვიმეორებ. რატომ ირღვევა რიგითობის პრინციპი - ჩემი აზრით, ეს პრინციპი ირღვევა, რადგან თუ ავიღებთ, მაგალითად, „რუსთავი 2"- ის 7 საკონსტიტუციო სარჩელს, შვიდივე განიხილა პირველმა კოლეგიამ და არ არის პასუხი იმაზე, რატომ უნდა განეხილა პირველ კოლეგიას.
რიგითობა ირღვევა, ეს ნიშნავს იმას, რომ ალბათ, პრობლემა შეიძლება ჰქონდეს ასეთი მიკუთვნების დროს საქმის ობიექტურად გადაწყვეტას და პრობლემა შეიძლება ჰქონდეს მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს მიკერძოებულობის მხრივ, მართლმსაჯულების განხორციელებისას.
ასევე, კითხვები მაქვს ვადებთან დაკავშირებით, როდესაც რიგითი მოქალაქეები ჩივიან, (2013-2014-2015 წლიდან) ელოდებიან ან პასუხს, მიიღება თუ არა მათი სარჩელი განსახილველად. ეს ხდება მაშინ, როდესაც „რუსთავი 2"-ის დავებს, მაგალითად, 6-7 დღეში იხილავს საკონსტიტუციო სასამართლო, იგივე პირველი კოლეგია და რამდენიმე დღეში აჩერებს ხოლმე ამა თუ იმ ნორმას.
ასევე, მაქვს კითხვები არსებით განხილვასთან დაკავშირებით, როდესაც მაგალითად, ავტორი არის ამა თუ იმ საქმის ბატონი უგულავა, მაშინ ხდება მისი არსებითად განხილვა 3-4 თვეში მაქსიმუმ. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც 1 დღეში გადაწყვიტა ე.წ. კაბელების საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ მის წინაშე დაყენებული საკითხი. ძალიან კარგია სწრაფი მართლმსაჯულება, როდესაც პატიმრები არიან სახეზე, მაგრამ როდესაც პატიმრები არიან სახეზე და ავტორი არ არის პოლიტიკური პარტია, ასევე მაქვს კითხვა, რატომ იჩაგრებიან სხვები. კითხვები მაქვს პოლიტიკასთან დაკავშირებით, რა პოლიტიკას ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლო, როცა საკმარისია, საქმის ავტორი იყოს „ნაციონალური მოძრაობა" ან პოლიტიკურად სენსიტიური საქმე იყოს, ან „რუსთავი 2" იყოს, პირველი კოლეგია რატომ იხილავს საქმეს მუდმივად, ეს ის ხალხია, რომლებიც არიან ბატონი გვარამიას პოლიტიკური ოჯახის წევრები", - განაცხადა წულუკიანმა.