„ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, რომ ოპონენტებმა სკეპტიკურად შეაფასეს და პრაქტიკულად უარი თქვეს ევროპარლამენტის მისიის მიღებაზე, ეს იწვევს დამატებით კითხვებს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, გიგი უგულავას განაჩენთან დაკავშირებით უამრავი სპეკულაცია, განცხადებები, გაუგებრობა და შეუთანხმებელი პოზიციები გამოითქვა.
„სტრასბურგში მყოფმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და აღმასრულებელმა მდივანმა გამართეს კონსულტაციები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. გადაწყდა, რომ შეიქმნება ევროპარლამენტართა შემდგარი მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ამ საკითხებს სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს, შესაბამის დასკვნებს გააკეთებს იმაზე, თუ რა მოხდა. ეს თემა უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპეტენტური დასკვნა გაკეთდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს და მის სტაბილურობას, ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინაპირობას. ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი ის, რომ ოპონენტებმა სკეპტიკურად შეაფასეს და პრაქტიკულად უარი თქვეს ასეთი მისიის მიღებაზე, ეს იწვევს დამატებით კითხვებს. ჩვენი ძალა და ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საერთაშორისო დონეზე უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სიმართლეს. ამ პროცესში ხელის შეშლა და უარყოფითი განცხადებების გაკეთება, გახდა ჩვენი ოპონენტების პოზიციის მთავარი გამოხატულება, საკმაოდ მნიშვნელოვან შეკითხვებს უნდა ბადებდეს, როგორც მედიაში, ასევე საზოგადოებაში. ევროპარლამენტის მისიის ჩამოსვლა ქართული საზოგადოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი არა მარტო იმიტომ, რომ სტაბილურობა შევძინოთ პოლიტიკურ პროცესს, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ დაინახოს განსხვავება იმ პოზიციას შორის, რომელიც ჩვენ გვაქვს და იმ პოზიციასთან მიმართებაში, რომელიც აქვთ ჩვენს ოპონენტებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ დაწერა, რომელიც პარტიის აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძესთან ერთად სტრასბურგში იმყოფება.