logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოსვლის საკითხმა „ნაციონალური მოძრაობა“ პანიკაში ჩააგდო
- +

13 თებერვალი. 2020. 13:05

 

 

„ფაქტიურად, გადაწყვეტილია, რომ ჩვენი მოწვევით, საქართველოში ევროპარლამენტიდან ფაქტების შემსწავლელი მისია ჩამოვა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისი შეფასებით, აღნიშნულმა ფაქტმა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტური პარტიები პანიკაში ჩააგდო.

 

„ამ ფაქტმა პანიკაში ჩააგდო „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა სატელიტით. ნახეთ მათი განცხადებები, მათი პათოსი, პანიკური გამოვლინებები, რაც მათ განცხადებებზე აისახა, იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი, რაც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს არ აწყობს, ეს არის ფაქტის დადგენა, რადგან ფაქტები ყოველთვის მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. „რუსთავი 2“-ის შემთხვევის დროს ფაქტები სხვაგან იყო და მათი შეფასებები სხვაგან, სტრასბურგმა კი თქვა, რომ „რუსთავი 2“-ის მაშინდელი მენეჯმენტი - ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობა“ და ბათუ ქუთელიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი იტყუებოდნენ. ამის შემდეგ ეუთო/ოდირის დასკვნა იყო, სადაც თქვეს, რომ ეს ის ადგილი არ არის, სადაც დადგინდება ნორმის კონსტიტუციურობა, რაზეც ასევე იტყუებოდნენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ოპოზიციის წევრები ახლა ფაქტის წინაშე დადგნენ, რომ შეიძლება, ფაქტების შემსწავლელმა მისიამ, ევროპარლამენტმა დაადგინოს, რომ ისევ იტყუებიან.

 

„მათი განცხადებებიც აქედან გამომდინარეობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დაწერა, რომელიც პარტიის აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძესთან ერთად სტრასბურგში იმყოფება.

 

მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნება ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.

 

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის ფარგლებში გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის ფორმატი ინსტიტუციურად არ არსებობს. როგორც სამადაშვილი აცხადებს, დარწმუნებულია, რომ ასეთი მისია არ შეიქმნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner