logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ჩვენ ვხედავთ მუდმივად ჩასაფრებულ ოპოზიციას !
- +

13 თებერვალი. 2020. 16:47

 

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარტიის დატოვება, მიხეილ სააკაშვილის მიერ  შტაბის შექმნა და გიგი უგულავას დაპატიმრება - ეს ის თემებია, რაზეც ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

 - მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალ სახეებთან ერთად პირველი მარტიდან ქმნის  პირად შტაბს. თქვენი აზრით, ვინ იგულისხმება ახალ სახეებში, ვინ შეიძლება მის  გვერდით დადგეს?

 

 - პირველ რიგში დადგება „ნაციონალური მოძრაობა“ და ის აქტივისტები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში საპროტესტო აქციებში იყვნენ ჩართულნი. ახალი სახეებიც, ალბათ ამ საპროტესტო ტალღის წარმომადგენლებიდან იქნებიან. ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩანდნენ სხვადასხვა აქციებზე, ვინც მასთან ჩადიოდა კიევში. ამ ხალხიდან იქნება ამორჩეული. თუმცა, ეს არის ხელოვნური განახლება. ალბათ ვიხილავთ „ძალა ერთობაშია“-ს პარტიებსაც. პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკური სპექტრი ბუნებრივად არ ვითარდება. მიხეილ სააკაშვილი კი ამბობს, რომ ახალ სახეებს გამოაჩენს, მაგრამ, თუ ღირებულებებს არ გადახედეს და საკუთარი შეცდომები არ გაიაზრეს, მოინანიეს, თუ ხალხის განწყობები არ გაითვალისწინეს, ძველი ლიდერის ქვეშ გაერთიანებული ახალი რამდენიმე სახე მხოლოდ პოპულიზმი, ცვლილებების ილუზია იქნება და შედეგს არ მოუტანთ. რამდენიმე თვე დარჩა არჩევნებამდე და დროც აღარაა, სერიოზული განახლებები ვიხილოთ.

 

 - ვანო მერაბიშვილი 20 თებერვალს ციხეს ტოვებს, მიხეილ სააკაშვილმა მას ურჩია, ოჯახს დაბრუნებოდა, ემოგზაურა და შემდეგ მიეღო რაიმე გადაწყვეტილება,  ვანოს შეცდომებზეც ისაუბრა. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილისგან მერაბიშვილის დადანაშაულება სწორი იყო?

 

 - მისი მხრიდან მერაბიშვილის მხოლოდ დადანაშაულება არასწორი იყო, თორემ მერაბიშვილი გასამართლებულია და ასრულებს თავის სასჯელს. ერთი მხრივ, იმით რომ მერაბიშვილს გადააბრალა ყველაფერი, აღიარებს, რომ იყო შეცდომები, გადაცდომები თუ დანაშაულები, რის გამოც მათ ხელისუფლება დაკარგეს. მეორე მხრივ, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ერთ პირს აბრალებს. არადა, ფაქტიურად ის იყო პირი, რომელიც განკარგავდა ყველას და ყველაფერს. მთელი პასუხისმგებლობის გადაბრალება მისი გუნდის ერთ-ერთ წევრზე, არც გუნდურობაა და არც რეალობას შეესაბამება. მითუმეტეს, რომ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის  დაქვემდებარებულ უწყებებში არ იყო  პრობლემები, რის გამოც ხალხმა უარი უთხრა 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“.  რატომღაც ჰგონიათ, რომ მხოლოდ გირგვლიანის თემა და მსგავსი საკითხებია, რის გამოც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაკარგა ხელისუფლება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ პოლიტიკური პარტიები,  განსაკუთრებით ყოფილი ხელისუფლება, ვერ პოულობენ საკუთარ თავში ძალას, რომ გაიაზრონ ყველაფერი. ბოდიშს თუ არ მოუხდიან საზოგადოებას, ყოველ შემთხვევაში, მსგავსი განცხადებები მაინც არ უნდა გააკეთონ. ამით კიდევ უფრო აღიზიანებენ მოსახლეობას. ეს განცხადება ადასტურებს, რომ სწორად დაკარგეს ძალაუფლება 2012 წელს და დასკვნები აქედან ვერ გამოიტანეს. მოსახლეობის მხარდაჭერის კლებაც აისახა ბოლო თვეების საპროტესტო აქციებზე. ეს თავადაც დაინახეს.  გიგი უგულავას გამოც კი არ აკეთებენ საპროტესტო აქციას და 4 აპრილისთვის გადადეს. ორი დღე ემოციურ კადრებს ატრიალებდნენ, რომელსაც მალე მიივიწყებენ. იციან, ახლა რომ დაგეგმონ საპროტესტო აქცია, ვერ მიიღებენ მათთვის სასურველ მხარდაჭერას. შეეცდებიან, ორი თვის განმავლობაში მოახდინონ მაქსიმალური მობილიზება. იმედი რომ ჰქონოდათ, უგულავას დაკავების გამო მეტი ხალხი გამოვიდოდა ქუჩაში, მეორე დღესვე მოაწყობდნენ აქციას. ამავე დროს აქცენტს გააკეთებენ საერთაშორისო არენაზე მეტი მხარდაჭერის მოპოვებაზე და ამ ფონზე პროტესტისთვის მეტი ლეგიტიმაციის მოპოვებას.

 

      - გიგი უგულავას დაპატიმრება სამართლებრივად და პოლიტიკურად რამდენად სწორად მიგაჩნიათ?

 

 - სამართლებრივად ვერ შევაფასებ. თუმცა, ინფორმაციები რაც ვრცელდება, რომ ერთ საქმეზეა მეორედ შეტრიალებული, როგორც ირკვევა, ეს ასე არაა. მან ერთ საქმეზე მოიხადა სასჯელი. პირველი სასჯელი მან  „თბილსერვისიდან“  4-5 მილიონის გაფლანგვაზე მოიხადა. შემდეგ  ახალი საქმე იყო „თბილისის განვითარების ფონდთან“ დაკავშირებით, სადაც 48 მილიონის გაფლანგვაზე იყო ბრალი წაყენებული. ამ საქმეზე სააპელაციოს განაჩენი გაასაჩივრა პროკურატურამ და უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. ეს რამდენადაა  სამართლებრივად სწორად წარმართული, იურისტებმა იმსჯელონ. 2-3 წელი რომ არაა ადეკვატური 48 მილიონის გაფლანგვასთან, ყველას ესმის. თუ ის მართალი იყო ამ საქმეში, მაშინ საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად რაიმე უნდა ემოქმედა, სანამ თავისუფლებაზე იყო, წარმოედგინა მასალები და ა.შ. ამისათვის მას და მის მომხრეებს უზარმაზარი აუდიტორია აქვთ. პროკურატურის ბრალდებაზე არ საუბრობენ. აქცენტი მხოლოდ პროცედურულ ნიუანსებზე და მოსამართლის ფაქტორზეა. ხალხს კი უფრო მეტად პირველი აინტერესებს. რაც შეეხება პოლიტიკურს, ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო საზოგადოების გარკვეული ნაწილის გამოხმაურებას. ეს არაა სახუმარო. მე წინა წერილებზეც ვამბობდი, რომ მთელი სერიოზულობით უნდა მოეპყროს „ქართული ოცნება“.  თუმცა, ხელისუფლებას ამჯერად არასერიოზულ მოპყრობაში ვერ დავადანაშაულებ, რადგან  შედგა პარლამენტის თავმჯდომარის და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები აშშ-ში.   კიდევ იგეგმება პრემიერის, საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. რამდენად შეძლებენ დასავლეთის დარწმუნებას, პროგნოზირება ძნელია. დასავლეთში ნდობის მოპოვება ძალიან რთულია, დაკარგვა მარტივი. პრინციპში, იგივეა, როგორც ადამიანებს შორის.                               

 

- როგორ შეაფასებდით ოპოზიციის სტრატეგიას საარჩევნო წელს?

 

- ოპოზიციის სტრატეგია, რომელსაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, საზოგადოებას ახალს არაფერს სთავაზობს.  ხელისუფლების ნეგატიურად წარმოჩენა და ნეგატიური დღის წესრიგი აღარ მუშაობს.  ამაში კი უნდა დარწმუნდნენ იმ მხარდაჭერით, რაც აქვთ ბოლო პერიოდში. ოპოზიციური ძალების მხარდაჭერა იკლებს. მათ არასწორ განწყობებს უქმნის სოციალური ქსელი. ის, რომ სოცქსელში საკმაო მხარდამჭერები ჰყავთ, ქუჩაზე, აქციებზე არ და ვერ აისახება და არც არჩევნების დღეს იქნება საკმარისი. ოპოზიცია შავ პიარს იკეთებს, ვგულისხმობ მათ გამონათქვამებს, პოსტებს სოციალურ ქსელში, ინტერვიუებს.

 

ადამიანებმა გაიგეს, რომ მხოლოდ ნეგატიური დღის წესრიგით ვერაფერს მიიღებენ. უნდა იყოს განვითარების პროგრამების შეჯიბრი. ჩვენ კი ვხედავთ მუდმივად ჩასაფრებულ ოპოზიციას, სკანდალებზე აგებულ დღის წესრიგს. დღეს საზოგადოება შეგვიძლია სამ ნაწილად დავყოთ: ხელისუფლების მომხრეები, გაერთიანებული თუ სხვა ოპოზიციური ძალების მომხრეები და დანარჩენები, რომლებსაც შუაშისტებს ეძახიან, რომლებიც, ყველა კვლევებით, საკმაოდ დიდი მასაა. ამ შუაშისტებს არ მოსწონთ ოპოზიცია, უკმაყოფილოები არიან ხელისუფლებით, მაგრამ თუ უკეთესი ალტერნატივა ვერ იხილეს, დიდი ალბათობით, ისევ ხელისუფლებას მისცემენ ხმას.

 

- ანუ ოპოზიცია  სუსტია?

 

- ძლიერ ხელისუფლებაზე მეტად საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი ოპოზიცია.  ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას მუდამ ტონუსში ამყოფებს. სუსტი ოპოზიცია კი, რომელიც კარგავს საზოგადოების მხარდაჭერას, პირიქით, ფუფუნებას უქმნის ხელისუფლებას. დღეს ზუსტად ასეთი ტენდენციაა. ოპოზიცია  საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობს. ჩვენ ვერ ვიხილეთ მათი ვერცერთი ნორმალური წინაასაარჩევნო პროგრამა, როგორც საპრეზიდენტო, ასევე ადგილობრივი არჩევნების დროს. პირიქით, იყო აბსურდული დაპირებები, პენსიის გაზრდა 50 ან 400 ლარით. იყო აბსურდული დაპირებები, რომელთა შესრულება პრეზიდენტს არ შეუძლია. მათ ეს კი კარგად ესმოდათ. ამომრჩეველს არ უდგებიან სერიოზულად, მაგრამ საზოგადოება იზრდება ნელ-ნელა და ყველაფერს ხედავს.

 

- როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჰყავს რეალური კონკურენტი?

 

- ცუდია, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის სიახლეები პოლიტიკურ სივრცეში არ იკვეთება. ოპოზიციას არ ეყო უნარი თვითგადანაცვლების, გადაჯგუფების, განახლების. ველოდი, რომ მოხდებოდა პოლიტიკური პარტიების გამსხვილება, პოლიტიკური ლიდერების გადახალისება. ასე ხდება ყველგან, ნებისმიერ ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში. თუკი  საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ადგილობრივ არჩევნებს აგებ რამდენჯერმე, არ აანალიზებ და იმავე სახეებით მოდიხარ, წარმატების იმედი არ უნდა გქონდეს. ძირითად ოპოზიციურ პარტიებში შიდა განახლება არ ხდება, არ არიან მოწოდებული შიდა განვითარებაზე, არაფერს ვამბობ ერთკაციან პარტიებზე, რომლებიც  პოლიტიკური ცხოვრების დისკრედიტაციას ახდენენ.  მინიმუმ რამდენიმე პარტიას საკმაო დაფინანსება აქვს. ბევრი პარტია ბიუჯეტიდან ფინანსდება. როგორც წარმართავენ ამ ფინანსებს?  საზოგადოება ვერ ხედავს შედეგს იმ კუთხით, რომ ჩვენ  ვერ ვიღებთ ნორმალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ველს. მგონი, იმის იმედი აქვთ, რომ დღემდე მესამე საარჩევნო ვადით  არავინ მოსულა. არადა, საპარლამენტო რესპუბლიკაა და კონსტიტუცია არ კრძალავს და ვერ აკრძალავს რომელიმე პარტიის ზედიზედ მესამე ვადით გამარჯვებას, ისევე, როგორც ყოფილი ხელისუფლების მესამედ მოსვლას. მოკლედ, შიდა ბაზარზე ოპოზიციის ფანტაზია ამოიწურა და, ჩემი შეფასებით, აგებენ. ახლა ბრძოლის არეალად საგარეო არენა იქცა. თუ გარეთაც წააგებენ, სხვა „საომარი“ სივრცე აღარ რჩება. ჩვენს პოლიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ ყველაფერი საარჩევნო ურნასთან წყდება და საკუთარ მოქალაქეებს უნდა ელაპარაკონ. სამწუხაროდ სწორება 2024-ზე უნდა გავაკეთოთ. იმედია, ამ დროისთვის მოხერხდება პოლიტიკური ველის შეცვლა, გამსხვილება, გადაჯგუფება და ა.შ. რათა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ვიხილოთ რამდენიმე მსხვილი და განახლებული, კონკურენტუნარიანი, კონკრეტულ იდეოლოგიებზე დაფუძნებული პარტია. მით უმეტეს, თუ 2024-ში 5%-იანი ბარიერით სრულად პროპორციულ სისტემაზე ან შერეულ 100/50-ზე გადავალთ, ასეთი განახლება უზრუნველყოფს პოლიტიკურ სტაბილურობას, და პერსპექტივაში ხელისუფლებების ჯანსაღ მონაცვლეობას.

 

- „ნაციონალური მოძრაობა“ ოთხმა აქტიურმა წევრმა დატოვა, რამდენად დამაჯერებელია მათი განმარტებები, რომელიც პარტიის დატოვების შემდეგ განაცხადეს?

 

- „ნაციონალური მოძრაობიდან“  4  წევრის წასვლა საეჭვოა. არადამაჯერებელია, რომ ჭავჭავაძის ცენტრია მისახედი და სამი წევრი პარტიას ამიტომ ტოვებს. პოლიტსაბჭოს დატოვება, განმარტებით, რომ  ორგანიზაციის ჩამოყალიბებით არიან დაკავებულები, გაუგებარია. რატომ უშლის ეს პარტიულ საქმიანობას ხელს? თუ პარტიაში ხარ და მითუმეტეს პოლიტსაბჭოში,  სხვადასხვა მიმართულებებით უნდა იყო დაკავებული, ხელს რატომ უშლის წევრობა, გაუგებარია და კითხვები ჩნდება. ჩემი ეჭვებით, გუნდის შიგნით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მეორე დღეს პარტია კიდევ ერთმა აქტიურმა წევრმა დატოვა. ვფიქრობ, თუ საერთაშორისო არენაზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ „ენმ“-ის აქტივობები წარუმატებელი აღმოჩნდა, შესაძლოა, ეს ტენდენცია გაგრძელდეს. ჩვენი უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, ასეთი პროცესები არც უნდა გაგვიკვირდეს. ბევრ პოლიტიკოსს ალბათ არც კი ახსოვს, რამდენი პარტიის წევრი იყო. „ენმ“-ის ორ ნაწილად გაყოფაც ვიხილეთ.  სააკმაო რაოდენობა გამოაკლდა მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებასაც“, ამიტომ გასაკვირი არაფერია.

სანამ პოლიტიკური სპექტრი ახლიდან არ დალაგდება იდეოლოგიების, ღირებულებების და საშინაო თუ საგარეო ორიენტირების მიხედვით, ასეთი გადინებები და პორტირებები მუდმივად იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner