„ფეისბუქში“ ჩემ წინააღმდეგ ორი უბინძურესი კამპანია დაიწყო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან მისი მეუღლის საქმიანობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, მისი მეუღლის სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას მის პოლიტიკურ საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ერთი ნაწილი ამ კამპანიის ეხებოდა ჩემს ძმას და მერე მალევე წაშალეს პოსტები. მე მიჭირს ამ თემაზე საუბარი ზოგადად, მაგრამ ჩემი ძმა, რომელიც არის შშმ პირი, ვერანაირ აქტივობაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, სამწუხაროდ. მალევე წაშალეს ეს პოსტები, მიხვდნენ თვითონ. მეორე იყო ჩემს მეუღლეზე, რომელიც ვიდრე მე პოლიტიკაზე ფიქრს დავიწყებდი, ამ პოზიციაზე იყო, შემდეგ უბრალოდ სახელი შეეცვალა და კანცელარიის ანუ მომსახურების სააგენტოს ბექოფისს დაერქვა საქმისწარმოების მხარდაჭერის სამსახური თუ რაღაც ამგვარი. ჩემი მეუღლე იქ მუშაობს ძალიან დიდი ხანია და ბექოფისის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა მანამ, ვიდრე მე პოლიტიკაზე ფიქრს დავიწყებდი, 2015 წლის ბოლოდან ან 2016 წლის დასაწყისიდან. მერიის შიდა კანცელარიის ოფისი იყო, რომლის ხელმძღვანელიც გახლდათ ჩემი მეუღლე და ახლაც იმავე საქმეს ეწევა, გადაერქვა უბრალოდ სახელი. ამაზე ააგეს პიარკამპანია, ძალიან ბინძურია ეს ყველაფერი. ეს კითხვაც რატომღაც დაემთხვა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.