„საქართველოსთან დაკავშირებული დეკლარაციის ტექსტში, „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობის მიუხედავად, ქვეყნისთვის ნეგატიური შესწორებები არ იქნა შეტანილი, რის გამოც „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლების ნაწილმა დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ამ კომენტარით მდინარაძე გამოეხმაურა სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ჩავარდნას.
მდინარაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა, საქართველოს მხარდამჭერ დეკლარაციაში შესულიყო ნეგატიური ცვლილებები, რაც შეეხებოდა გიგი უგულავას, 20 ივნისის საქმეებს და ა.შ.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილი კომიტეტმა არ გაიზიარა.
„მინდა, ასოცირების კომიტეტთან დაკავშირებულ საკითხს გამოვეხმაურო, სადაც ექვსი ხუთის წინააღმდეგ, ერთ-ერთი მიმდინარე დეკლარაცია არ იქნა მხარდაჭერილი. დეკლარაციის თავდაპირველი ტექსტი იყო და არის საქართველოს მხარდამჭერი. ამის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპის სახალხო პარტიის“ მეშვეობით ცდილობდა, ნეგატიური ცვლილებები შესულიყო, რაც შეეხებოდა გიგი უგულავას საქმეს, 20 ივნისის საქმეს და ა.შ. თავის მხრივ, ეს კომიტეტის მიერ არ იყო მხარდაჭერილი. იმის გამო, რომ ქვეყნისთვის ნეგატიური შესწორებები არ იქნა შეტანილი, „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლების ნაწილმა დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა და ექვსი ხუთის წინააღმდეგ, დეკლარაცია არ იქნა მიღებული. ის, რომ ვინმე პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული, ეს ცვლილება ჩავარდა. კერძოდ, ის, თითქოს საქართველოში ვინმე პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. სწორედ ამის გამო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელსაც შეეძლო, ამ დოკუმენტის მიმართ მხარდაჭერა გამოეცხადებინა, ეს ცვლილება თავისი პარტნიორი კოლეგების მეშვეობით ჩააგდო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თუმცა, მდინარაძის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება ქვეყანას ბევრს ვერაფერს დააკლებს.
მდინარაძის თქმით, მსგავსი დოკუმენტების ჩავარდა აზიანებს არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ქვეყანას.
„საბედნიეროდ, ეს ქვეყანას ბევრს ვერაფერს დააკლებს. ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების დროსაც გვახსოვს მათი მხრიდან ასეთი საბოტაჟი, თუმცა მაშინ, ვიზა-ლიბერალიზაცია მაინც მივიღეთ. საბედნიეროდ, ეს მიმდინარე საკითხი პრობლემას ვერ შექმნის და ამით „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გაიხარებს, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი ქართული საზოგადოების მიერ შემდეგ შეფასდება. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი დოკუმენტები და მისი ჩავარდნა აზიანებს არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ქვეყანას. ისინი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან. ოღონდ, „ქართული ოცნება“ დააზიანო, ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა არის ბოროტება და ქვეყნის ღალატი. იქნებ, ეს რამენაირად გაითავისონ და სხვა დროს შეეცადონ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებები არ განახორციელონ მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ დააზიანონ, რადგან საბოლოო ჯამში, ამით არც „ქართული ოცნება“ ზიანდება და არც ქვეყანა. ისინი ასე იქცევიან და ფაქტი ეს არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.