სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად ყულიშკარში, ჭაქვინჯსა და ბაღმარანში დაესწრო.
სახელმწიფო რწმუნებულმა, მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და მათგან არსებული პრობლემების და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
ყულიშკარში მოსახლეობამ მხარი დაუჭირა როგავას ქუჩაზე ახალი წისქვილის მშენებლობას, აღმაშენებლის მესამე ჩიხში ხიდ-ბოგირის და კოსტავას ქუჩაზე ცხაურების მოწყობას.
ჭაქვინჯში ადგილობრივებმა სასოფლო ბიბლიოთეკის 2 ოთახის რეაბილიტაციას, მოსაცდელის აშენებას და სოფლის ცენტრში ჭის და სველი წერტილის მოწყობას დაუჭირეს მხარი.
ბაღმარანში გამართულ საერთო კრებაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ტაბიძის ქუჩაზე მილხიდებისა და ცხაურების მოწყობა დაუჭირა მხარი.
პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.