„მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივანი კახა ძაგანია ამტკიცებს, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ფინანსურად დაკავშირებულია უშუალოდ მიხეილ სააკაშვილთან და ყველა მისი განცხადება დაკავშირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებთან.
როგორც ძაგანია ამბობს, ლეიბორისტული პარტიის თემა იყო, დედაქალაქის მერმა ბიუჯეტის ხარჯზე როგორ წაიყვანა მეუღლე სამშობიაროდ ვენაში; ასევე, როგორ წავიდნენ გულშემატკივრები ორი თვითმფრინავით ვენაში ისევ ბიუჯეტის ხარჯზე: „ეს ცნობილი თემაა ნათელაშვილისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში მისთვის მთავარია ფინანსური სარგებელი“.
for.ge კახა ძაგანიას ესაუბრა.
- „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების მიზანი იყო პროპორციული არჩვენები. გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი არის „ლეიბორისტების“ ოფისში, მაგრამ პოლიტიკურად ყველაზე ახლოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის შალვა ნათელაშვილი. როგორ ხსნით, მისი, როგორც ოპოზიციის ლიდერის ასეთ რადიკალურ ცვლილებას? თავად ამბობს, რომ მის ინტერესს არ წარმოადგენს სკამი და თანამდებობა, მთავარია ქვეყანა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა...
- თავშივე, კითხვაში სწორად ბრძანეთ, რომ ამ პარტიების გაერთიანების იდეა იყო პროპორციული არჩვენების დაბრუნება, მაგრამ იმის გამო, რომ ეს პარტიები გაერთიანდნენ დამნაშავე, კრიმინალურ და მოძალადე პოლიტიკურ ძალასთან, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, ხალხი მიხვდა, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფს უნდოდა ხალხის გამოყენება იმისათვის, რომ ნაციონალები არჩევნების გარეშე მობრუნებულიყვნენ ხელისუფლებაში.
ამიტომ არ გავიდნენ, მხარი არ დაუჭირეს მათ აქციებს. მოწოდებებიც ნახევრად კრიმინალური იყო. ამ მიზეზით ჩავარდა მთავარი იდეა - პროპორციული არჩევნები. ანუ პრაქტიკულად, ამ ოპოზიციამ ითამაშა სახელისუფლო თამაში, ჩააგდო მთავარი მოთხოვნა - პროპორციული არჩევნები.
რაც შეეხება ნათელაშვილის ასეთ მხარდაჭერას, ეს დაკავშირებულია მატერიალურ მდგომარეობასთან. ბოლო განცხადებაც, რომელიც უგულავასთან დაკავშირებით გააკეთა... სააკაშვილისგან უდიდესი ფული აქვს აღებული. დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში გამოჩნდება ეს საბანკო ანგარიშები. უგულავა ჩვენი პარტიის წევრებს ზონდერებით დასდევდა, გვიჭერდნენ და გვცემდნენ, საშინელებაში ამყოფებდა ჩვენს დეპუტატებს, მათ შორის მეც.
შეგახსენებთ, საკრებულოს სხდომაზე, როდესაც თბილისის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა, მოვითხოვეთ მერის მოსვლა და ვთქვით, რომ ეს მერის და „ნაციონალური მოძრაობის“ ბიუჯეტია და არა თბილისის ბიუჯეტი. ამ დროს 120 შეიარაღებული ზონდერი შემოიყვანეს საკრებულოში და მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება. ეს მოხდა გიგი უგულავას დავალებით და მარტო ერთი შემთხვევა არ იყო. ყველა აქციაზე ასე გრძელდებოდა, დაგვახვედრებდა ხოლმე უგულავა თავის ზონდერებს და არ გვაძლევდა აქციის გამართვის საშუალებას.
- 48 მილიონის გაფლანგვის საქმე, რომელზეც უგულავას აქვს პატიმრობა შეფარდებული, თავის დროზე თქვენმა პარტიამ გაახმოვანა. მაშინ ნათელაშვილი ამბობდა, რომ უგულავამ ბიუჯეტის ხარჯზე ამშობიარა მეუღლე ვენაში. მეტიც, 2017 წელს „ლეიბორისტთა“ ლიდერი აცხადებდა, რომ გიგი უგულავა იყო ოპოზიციის დამრბევი და დიდი ფული შეჭამა, რაც მის სისხლის სამართლის საქმეში კარგად ჩანს...
- დიახ, ჩვენი პრესკონფერენციის თემა იყო, რომ დედაქალაქის მერმა მეუღლე სამშობიაროდ წაიყვანა ვენაში, მაყარში ორი თვითმფრინავი წავიდა თბილისიდან და ეს ყველაფერი ხდებოდა ბიუჯეტის ფულით. ამიტომ ვამბობ, რომ ნათელაშვილს მორალი არ აქვს, ამ კაცის მორალი არის მწვანე დოლარი.
- ნათელაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია წყვეტს მოლაპარაკებას და მთელი საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციების ორგანიზებას იწყებს. თქვენ ამბობთ, რომ ამ განცხადებაში აიღო ფული სააკაშვილისგან, ეს საკმაოდ ხმამაღალი განცხადებაა, რის საფუძველზე ამბობთ, რომ ამ განცხადების საფასურად აიღო თანხა?
- არაფერი ხმამაღალი განცხადება არ არის. ჩვენ, მისმა თანამებრძოლებმა და პარტიის სხვა ლიდერებმა არ ვიცოდით რამხელა ფინანსები მოდიოდა პარტიაში. ხალხი სულ ამბობდა, რომ ნათელაშვილი სააკაშვილისგან იღებდა თანხას, მაგრამ როდესაც ფაქტებით დადასტურდა, მთელი პოლიტიკური კომიტეტი წამოვედით. ერთი გუგავა დარჩა მარტო. ადამიანი პირზე დაადგა ნათელაშვილს, 2012 წელს როგორ აიღო ფული სააკაშვილისგან.
მაშინ ვეხვეწებოდით შალვას, გაეცი პასუხი-თქო და ვერ გასცა. ეს იყო ჩვენი წამოსვლის რეალური მიზეზი. ის, ყველა პოლიტიკური ნაბიჯისთვის ფულს ითხოვს მიშასგან, თემატური ურთიერთობა აქვთ და არა ის, რომ ფული მომეცი და მორჩა, უკვე შენი მხარდამჭერი ვარ. ასე არაა, საკუთარ თავს სთავაზობს, ამას გავაკეთებ და შენ ამაში ამდენი მომეციო - ახლა უგულავას შევაქებ და ამაში ამდენი მომეციო, - ასე ყიდის თავს.
უგულავას ოპოზიციის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი უწოდა, სამარცხვინოა. გუბაზ სანიკიძის არ იყოს, შეიძლება 180 გრადუსით შეცვალო შენი შეხედულება? მესმის, რომ შეიძლება ადამიანურად შეგეშალოს და თქვა, რომ შემეშალა და ბოდიში, მაგრამ ასე 180 გრადუსით ყველაფერი შეცვალო, ეს ხომ შეუძლებელია, ე.ი. სხვა მიზნები და ამოცანები გამოძრავებს. პირზე დავადექით, სააკაშვილისგან მიცემულ ფულს როგორ აპროცენტებდა 60%-ში თანამებრძოლებზე, 9 კაცი უსმენდა ამ ყველაფერს.
- ამ ხელისუფლებას იმაში სდებენ ბრალს, რომ გამოძიების პროცესი არის ნელი, ზოგ შემთხვევაში კოჰაბიტაციაშია ყოფილ ხელისუფლებასთან. მაგრამ როცა ხდება დაკავება, მაშინ ოპოზიცია ამბობს, რომ პოლიტიკური შურისძიებაა და იგივე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ამას არ აკეთებდნენ ყველაზე დუჟმორეული და სისხლიანი დიქტატორები კაცობრიობის ისტორიაში. სად შეიძლება ლოგიკა დავინახოთ?
- არ არსებობს ლოგიკა, გარდა ფინანსურისა. რატომ ედავებიან ამ ნაწილში ხელისუფლებას, საარჩევნო მოთხოვნა არ იყო, რომ დამნაშავეები დაესაჯათ? ჩვენ არ ვეჩხუბებით ხელისუფლებას იმაში, რომ დროულად დასაჯოს დამნაშავეები? დამნაშავეების დასჯაში არ არის სამართლიანობის აღდგენის იდეა? სამწუხაროდ, მედიაში არ ჩანან ის ადამიანები, რომლებიც ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. შალვა რაღაცა სისულელეს იტყვის და მთელი მედიის თოქ-შოუები მის ამ ნათქვამებზე ტრიალებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემსავით მოაზროვნეები უფრო მეტნი ვართ, მაგრამ მედიასივრცეში არ ვჩანვართ.
- თქვენი პარტია ამ ოპოზიციურ გაერთიანებაში არ არის იმიტომ, რომ იქ არის შალვა ნათელაშვილი, თუ იმ ოპოზიციური ძალის გარშემო არ გინდათ გაერთიანება, ვის წინააღმდეგ იბრძოდით?
- დიახ, ჩვენ არ გავერთიანდებით კრიმინალი პოლიტიკოსების გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებული ადამიანები არიან, შალვასაც კი დავუძახებდით, ოღონდ არა დამნაშავე ნაციონალებს. კრიმინალი ნაციონალების გარშემო გაერთიანება იყო პოლიტიკური დანაშაული, პოლიტიკური კრახი, რამაც არ დააყოვნა და აგერ შედეგიც ჩანს. შედეგი არის ხელის გულზე - მთავარი იდეა, პროპორციული არჩევნები დასრულებულია.
ამიტომ, ჩვენ ვთხოვდით ამ ოპოზიციას - გამოეყავით ნაციონალებს, ცალკე დავდგეთ, მოსახლეობის უფრო მეტი მხარდაჭერა და პროპორციული არჩევნების დაბრუნების უფრო მეტი შანსი გვექნება, მაგრამ დარჩნენ ისევ ნაციონალებთან, როგორც ჩემმა კოლეგამ უწოდა, დარჩნენ იმ „სარაიაში“ და შედეგიც სახეზეა. ნაციონალებს ხელისუფლებაში მობრუნება უნდათ და სულ არ აინტერესებთ როგორი სისტემით მოვლენ, მთავარია მოვიდნენ.
- ამაში ეხმარება მათ ნათელაშვილი?
- ამაში ეხმარება შალვა ნათელაშვილი მხოლოდ ფინანსური ინტერესების გამო. როგორ შეიძლება ნათელაშვილი მატერიალურად იყოს შეძლებული? იცით, რომ დღეს ნათელაშვილი არის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, თავისი ამ პოლიტიკური მამაძაღლობით. წინა საპარლამენტო არჩევნებზე, როცა „რუსთავი 2“ ჯერ კიდევ იყო გვარამიასი, გამოვაქვეყნეთ გადარიცხვის ფურცელი, როგორ ურიცხავს ღარიბების „დამცველი“ შალვა ნათელაშვილი ნიკა გვარამიას 100 ათას ლარს. მიშამ მისცა ეს ფული, ვითომ რეკლამები იყიდა „რუსთავი 2“-ში და „ატკატის“ სახით ჩაურიცხა გვარამიას 100 ათასი ლარი. სხვა ტელევიზიებს, მაგალითად, „მაესტროს“ 500 ლარი, „იმედს“ 1000 ლარი.
- თქვენ ამბობთ, რომ ნათელაშვილი სააკაშვილის დღის წესრიგით მოქმედებს და, რეალური წონა არ აქვს, მაგრამ რითი ხსნით მის ვიზიტებს აშშ-ში, შეხვედრებს სენატში, კონგრესში, თქვენ ფიქრობთ, რომ ესეც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაფინანსებული ვიზიტია?
- არც ერთ კონგრესმენს არ შეხვედრია. შეხვდება მესამე, მეოთხე რანგის თანაშემწეს, გამოვა კორიდორში ამერიკის დროშასთან და იმ კონგრესმენის აბრასთან გადაიღებს სურათს და ამბობს, რომ ვითომ შეხვდა. რეალურად, ჩვენ ხომ ვიცით, რა ხდება. მთავარი იდეა რაშია - ნათელაშვილმა ნებისმიერი ფორმით უნდა ავნოს ამ ხელისუფლებას. პროვოკაციებით და ცილისწამებით რაღაცნაირად უნდა შეასუსტოს ხელისუფლება, რომ ამ ცილისწამებების ფონზე ნაციონალებს გაუადვილდეთ ხელისუფლებაში მობრუნება, აი, მაშინ იღებს ფულს. ეს იქნება მაჩალიკაშვილი, უგულავა, თუ ვინ იქნება, ეს უკვე შედეგის მისაღწევად გამოსაყენებელი ინსტრუმენტებია, მეტი არაფერი.
- ამ ლოგიკით, ნათელაშვილსაც შეუძლია თქვას, რომ თქვენ „ქართულ ოცნებასთან“ ხართ დაკავშირებული და, რომ ივანიშვილი გაფინანსებთ...
- ვერ იტყვის იმიტომ, რომ ჩვენ 20-10-9 წლის წინ რასაც ვამბობდით, იმას ვამბობთ დღეს. პოზიცია არ შეგვიცვლია გუბაზასავით, შალვასავით და სხვებივით. იმავე ვექტორზე ვართ, იგივე პოლიტიკური მტერი გვყავს და იმავეს ვამბობთ, რასაც ვამბობდით.