logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ჩავატარებთ უპრეცედენტოდ თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს
- +

14 თებერვალი. 2020. 16:50

 

 

„ჩვენ ყველანი ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ წელს ჩავატარებთ უპრეცედენტოდ თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა და შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.

 

„გუშინ ვიმყოფებოდი ბრიუსელში, სადაც მონაწილეობა მივიღე NATO-ს მინისტერიალში. კერძოდ, საუბარი შეეხო მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩვენს მონაწილეობას. 870 ჯარისკაცით ვართ წარმოდგენილი და ჩვენ ამ რაოდენობას შევინარჩუნებთ. ყველა პარტნიორი ერთხმად აღნიშნავს, რომ ჩვენი მონაწილეობა ავღანეთის მისიაში არის მნიშვნელოვანი. შეხვედრების ძირითადი ნაწილი მივუძღვენით და განვიხილეთ თავდაცვის საკითხები, მაგრამ ჩვენ ყველანი ვაფიქსირებთ ცალსახად, რომ ჩვენ წელს ჩავატარებთ უპრეცედენტოდ თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს. ეს არის პირობა, რომელიც მივეცით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში შეხვდა, სადაც NATO-ს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობდა. ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელიც NATO-ს გენერალურმა მდივანმა გახსნა.

 

დღეს კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner