logo_geo
eng_logo
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ლომისას წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა
- +

14 თებერვალი. 2020. 19:29

 

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში, დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი, შემოცლილი ჰქონდა კარნიზი, კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით.

 

„სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ. პირველი ეტაპის სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად: მოხსნილი იქნა მორყეული ქვები ფასადებსა და ინტერიერში, ქვები გაიწმინდა და დაუბრუნდა პირვანდელ ადგილს. სამხრეთის მინაშენში მოიხსნა მოცურებული კამარა და დაიშალა. გადარჩენილი ქვა გამოყენებულია კედლის წყობაში, ჩრდილოეთის მინაშენის კედლები აშენდა იგივე ფორმის, ზომისა და ჯიშის ქვით პროექტში არსებული ნიშნულებისა და ზომების მიხედვით. მექანიკური ჩარევის გზით მოხდა სამხრეთის მინაშენის დასავლეთ ფასადზე ჩამოშლილი კედლისა და არქიტრავული ქვის ადგილზე დაბრუნება. მიმდინარეობს მთავარ ეკლესიაში კედლის მხატვრობის გამაგრებითი სამუშაოები, კედლის წყობა აყვანილია კარნიზის ნიშნულამდე. მთავარი ეკლესიის დასავლეთ და აღმოსავლეთ ფასადებზე მოიხსნა დაზიანებული შელესილობა“ ,- ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

ლომისას წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები არქ-რესტავრატორ ნ.ბაკურაძის ხელმძღვანელობით შპს „ხუროთმოძღვარმა“ განხორციელა.

 

სააგენტოს ცნობით, სამუშაოები 2020 წელსაც გაგრძელდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner