„მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივანი, ყოფილი ლეიბორისტი კახა ძაგანია ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილს ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან ფინანსურ გარიგებებში ამხელს და მის ამერიკულ ვიზიტებს ფარსს უწოდებს.
როგორც კახა ძაგანიამ fot.ge -სთან ინტერვიუში განაცხადა, ნათელაშვილი აშშ-ს არც ერთ კონგრესმენს არ შეხვედრია, ის მესამე და მეოთხე რანგის თანაშემწეებს ხვდება და დერეფნებში აშშ-ს სახელმწიფო დროშასთან გადაღებული ფოტოებით იქმნის იმიჯს.
„ არც ერთ კონგრესმენს არ შეხვედრია. შეხვდება მესამე, მეოთხე რანგის თანაშემწეს, გამოვა კორიდორში ამერიკის დროშასთან და იმ კონგრესმენის აბრასთან გადაიღებს სურათს და ამბობს, რომ ვითომ შეხვდა. რეალურად, ჩვენ ხომ ვიცით, რა ხდება. მთავარი იდეა რაშია - ნათელაშვილმა ნებისმიერი ფორმით უნდა ავნოს ამ ხელისუფლებას. პროვოკაციებით და ცილისწამებით, რაღაცნაირად უნდა შეასუსტოს ხელისუფლება, რომ ამ ცილისწამებების ფონზე ნაციონალებს გაუადვილდეთ ხელისუფლებაში მობრუნება, აი, მაშინ იღებს ფულს. ეს იქნება მაჩალიკაშვილი, უგულავა, თუ ვინ იქნება, ეს უკვე შედეგის მისაღწევად გამოსაყენებელი ინსტრუმენტებია, მეტი არაფერი“, - აცხადებს კახა ძაგანია.