„ჯერ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ საქართველო უკვე მზად არის ნატო-ს წევრობისთვის და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ვიყოთ მზად, როდესაც ეს მომენტი დადგება“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გუშინ გამართული შეხვედრების შეფასებისას.
მისი თქმით, კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე აღინიშნა, რომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შავი ზღვის უსაფრთხოებას.
„ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან შინაარსიანი დისკუსია გაიმართა გუშინ. პანელი იყო უაღრესად წარმომადგენლობითი. მას ესწრებოდა აქტიურად ერთ-ერთი მთავარი სპიკერი. ჩემთან ერთად იყვნენ უკრაინისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრები, ასევე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოვანა, მოდერატორობას უწევდა გენერალი ჰოჯესი. ძალიან დროული დისკუსია გამოვიდა, რადგანაც კარგად მოგეხსენებათ, რომ შავი ზღვის რეგიონი საერთაშორისო თანამეგობრობისა და განსაკუთრებით ნატო-ს ყურადღების ცენტრში უაღრესად აქტუალურია. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ორ ძირითად ასპექტზე – ერთი არის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა და მეორე არის შავი ზღვის კომპონენტი. აღინიშნა, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შავი ზღვის უსაფრთხოებას, რადგან ერთხმად იყო აღიარებული, რომ ევროპის უსაფრთხოება, ევროატლანტიკური უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ არ არის უზრუნველყოფილი შავი ზღვის უსაფრთხოება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის ფლანგზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, კონფერენციის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველო არის სამაგალითო ევროპული ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის.
„დასავლეთის მხრიდან რუმინეთი, ბულგარეთი და ნატო-ს უფრო მეტ აქტიურობას, ასევე კავშირების გამოყენებას, ე.წ. დამაკავშირებელი გზების გამოყენებას, მათ შორის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, რომელიც უკვე ხორციელდება და ამ პროექტებში ევროკავშირისა და ნატო-ს ჩართულობის მნიშვნელობაზე იყო საუბარი. გამოვკვეთე საქართველოს როლი და ფუნქცია. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ საქართველო ფაქტიურად მოქმედებს უკვე როგორც მოკავშირე. არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება დარჩენილი, არანაირი პრეტენზია საქართველოსთან დაკავშირებით არ არის და პირიქით, საქართველო არის სამაგალითო ევროპული ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის. ყველა თანხმდება, რომ ჯერ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ საქართველო უკვე მზად არის წევრობისთვის და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ვიყოთ მზად, როდესაც ეს მომენტი დადგება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.