logo_geo
eng_logo
ვლადიმირ ზელენსკი: ძალიან პოპულარული გავხდი ამერიკაში, ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი
- +

16 თებერვალი. 2020. 11:52

 

 

„როდესაც პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი ვიყავი, მსურდა, „ოსკარი“ მიმეღო, მსურდა, აშშ-ში პოპულარული გავმხდარიყავი და აი, ახლა ძალიან პოპულარული ვარ ამერიკაში“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, მოახდინა თუ არა იმპიჩმენტის პროცედურამ აშშ-უკრაინის ურთიერთობებზე უარყოფითი ზეგავლენა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს აშშ-სთან.

 

„მსურს, მადლობა გადავუხადო აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-სა და უბრალო ადამიანებს უკრაინის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ახლა, როცა ომი გვაქვს. დიდი მადლობა დახმარებისთვის. ჩვენ ამას ვგრძნობთ, ჩვენ ამას მთელი გულით და სხეულით ვგრძნობთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო დონალდ ტრამპის ბრალდება, რომ უკრაინა მსოფლიოში მესამე ქვეყანაა კორუმპირებულობის თვალსაზრისით.

 

„ეს სიმართლე არაა. როდესაც პრეზიდენტ ტრამპს შევხვდი და მითხრა, რომ წინა წლებში უკრაინა კორუმპირებული ქვეყანა იყო, მე მას ძალიან გულწრფელად ვუთხარი, რომ ჩვენ კორუფციას ყოველ დღე ვებრძვით. გთხოვთ, აღარ თქვათ, რომ უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა, რადგან ეს სიმართლე არაა, ჩვენ გვსურს ამ იმიჯის შეცვლა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

მან ინტერვიუში რუსეთთან კონფლიქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არ არის „ომი უკრაინაში, არამედ ეს არის ომი ევროპაში“.

 

მისივე თქმით, კიევს არ სურს კონფლიქტის ესკალაცია, რომელსაც ათასობით უკრაინელის სიცოცხლე ეწირება.

 

„მაქვს შინაგანი გრძნობა, და ეს გრძნობა ეფუძნება იმ ნაბიჯებს, რომელსაც ვდგამთ, რომ ჩვენ შევძლებთ, ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ და ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ. თუმცა, არ ვიცი, ამისთვის რა დრო დაგვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner