საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია აქტიურად წარმოჩინდა და მათ შორის საქართველოს საკითხი გაჟღერებული იქნა კონფერენციის მაღალი ტრიბუნიდან ისეთი მაღალი დონის მონაწილეების მხრიდან, როგორიც გახლავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, კონფერენციის ორგანიზატორი, რომელმაც გახსნით სიტყვაში მოიხსენია საქართველო და ა. შ.
დავით ზალკალიანის თქმით, მიუნხენის კონფერენციაზე აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე, რაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას უკავშირდება.
„მიუნხენის კონფერენციაზე, ამ მაღალი ტრიბუნიდან საქართველო რამდენჯერმე გაჟღერდა სწორედ იმ კონტექსტში, რომ ჩვენი დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას, უკრაინასთან ერთად. მე ამ თემაზე ასევე ძალიან აქტიური საუბარი მქონდა იმ პანელზე, რომელსაც ვესწრებოდი და რომელიც იყო შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ფოკუსირებული. ასევე, მაქსიმალურად იყო გამოყენებული ყველა ფორმატი, ყველა შეხვედრა ამისათვის“, - განაცხადა მინისტრმა.
მან კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ამერიკის თავდაცვის მდივნის შეხვედრას.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან შეხვედრა. კიდევ ერთხელ მოხდა ხაზგასმა იმისა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არის ურყევი. მოგეხსენებათ, ამ პერიოდში აშშ განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებს ავღანეთში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ იქ აქტიურად ვართ წარმოდგენილნი და ამას აქვს ძალიან მაღალი შეფასება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. ბუნებრივია, ჩვენ ვისაუბრეთ იმ მხარდაჭერაზე, რომელიც გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ასევე სამომავლო პერსპექტივებზე“, - განაცხადა მინისტრმა.
კონფერენციის ფარგლებში სამი ასოცირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი წერილით მიმართეს ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის გაზრდილი ფინანსური დახმარების გამოყოფის თაობაზე.
„უკრაინა-საქართველო-მოლდოვის ტრიოს ფორმატის გააქტიურების კონტექსტში ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ. ბრატისლავის ეუთო-ს მინისტერიალზე გაკეთებული ერთობლივი განცხადების გაგრძელებას წარმოადგენდა ჩვენი ერთობლივი, სამმხრივი მიმართვა ევროკავშირის მიმართ, რომელიც გულისხმობს სწორედ დიფერენცირებული პრინციპის უფრო აქტიურად გამოყენებას და ამ შემთხვევაში უკვე ფინანსური მხარდაჭერის კონტექსტში“, - განაცხადა მინისტრმა.
მან მაღალი შეფასება მისცა კონფერენციის ფარგლებში გერმანელ პარტნიორებთან შეხვედრას, მათ შორის გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან, გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელთან და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან.
„ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის აქტუალური. განსაკუთრებული აქცენტები, რასაკვირველია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას დაეთმო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის აქტიური ჩართულობა ამ პროცესში“, - განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში. 14-16 თებერვალს კონფერენციის ფარგლებში შეხვედრებს მართავდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.