18 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა დღეს ღამით, კვლავ ყინვის გაძლიერებაა მოსალოდნელი.
„ამაღამ ველოდებით კვლავ ყინვის გაძლიერებას, როგორც დასავლეთ საქართველოს დაბლობში, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, მთიან და მაღალმთიან რაიონებში. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია -4 გრადუსამდე დაეცეს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი – 9 გრადუსის ფარგლებში აღინიშნოს. მთიან და მაღალმთიან რაიონებში შესაბამისად უფრო დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი“, - განაცხადა სინოპტიკოსმა მაია ქააძემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვალს დედაქალაქში შესაძლებელია აღინიშნოს მცირე ნალექი და ნისლი.
„17 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-13 გრადუსის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგან შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე თოვლი და ნისლი, ეს უფრო ეხება აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებს. დედაქალაქშიც შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე ნალექი და ნისლი. აღმოსავლეთ საქართველოში გასულ დღესთან შედარებით ტემპერატურა დაიკლებს და ბარში 2-7 გრადუსია “, - განაცხადა სინოპტიკოსმა.