„ის, რომ საქართველო ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin -ის მასპინძელი ქვეყანა გახდა, ძალიან დიდი მოვლენაა როგორც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიისთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
პრეზენტაცია 2022 წელს ბერლინში გასამართ ITB Berlin-ის გამოფენა-ბაზრობას მიეძღვნა, რომლის მასპინძელ ქვეყნად საქართველო ცოტა ხნის წინ კონკურსის შედეგად დასახელდა. პრეზენტაცია სპეციალურად ტურიზმის სექტორისთვის გაიმართა.
„მასპინძლის სტატუსის მოპოვება ITB Berlin-ზე პირველ რიგში იმის აღიარებაა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სწრაფად მზარდი, საინტერესო, მიმზიდველი, ახალი და იმავდროულად ძალიან ძველი ტრადიციებით დახუნძლული ტურისტული ბაზარი, სადაც ბოლო რამდენიმე წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ 9 300 000 ვიზიტორს, ანუ სამჯერ მეტ ვიზიტორს ვემსახურებით, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობაა. ეს, რა თქმა უნდა, ასევე თქვენი ძალისხმევის აღიარებაა, რადგან ჩვენი ტურისტული ინდუსტრია, კერძო კომპანიები, პასუხობთ ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს და რაც მთავარია, ხართ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტები და ყველა ახალი იდეის მიმართ გახსნილები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქართველომ გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin -ის ოფიციალური დასტური მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გერმანიაში, ბერლინში წარდგება.
გერმანიაში, ITB Berlin-ის გამოფენა-გაყიდვას ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. ITB Berlin წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. სამი დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.