თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა, ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ვახტანგ ანთიამ კონცეფცია და სამოქმედო გეგმა წარადგინა.
ანთიამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დაასახელა.
„პირველ ეტაპზე უნდა ვიზრუნოთ არა ახალი კამპუსის მშენებლობისთვის რესურსების მოძიებაზე, არამედ გაპარტახებული და წლების მანძილზე უყურადღებოდ მიგდებული სტუდქალაქის რეაბილიტაციაზე, იქ სტუდენტებისთვის ნორმალური საყოფაცხოვრებო გარემოს შექმნაზე", - აცხადებს ანთია.
მისი თქმით, უნივერსიტეტმა ასევე უნდა იზრუნოს მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის და მეცნიერ-მკვლევარების კვლავწარმოებაზე.
„სრულად უნდა დააფინანსოს მაღალი აკადემიური მოტივაციისა და კვლევითი აქტივობის მქონე სტუდენტების სწავლა დოქტორანტურის საფეხურზე. იმ პირობით, რომ დოქტორანტურის წარმატებით დასრულებისა და დოქტორის ხარისხის მინიჭებიდან, უნივერსიტეტის დაფინანსებით მომზადებული პერსონალი 5 წლის განმავლობაში დარჩება ადგილზე და მოემსახურება სასწავლებლის ინტერესებს", - აცხადებს ანთია.