„პოლიტიკურ პლასტილინს“, არა მგონია, რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების“, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განაცხადი პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ის პოლიტიკაში ბევრი ადამიანის ჩართვას მიესალმება.
„რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკაში, მე მივესალმები ამას. თუმცა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში და იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც მარგველაშვილის მხრიდან მოვისმინეთ, გეტყოდით ჩემს პოზიციას - „პოლიტიკურ პლასტილინს“, არა მგონია, რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების; მათ შორის სააკაშვილთანაც. მისი განცხადება მოვისმინეთ და დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. ამის შესახებ მარგველაშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა.
„ავტორიტარიზმის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა. არ არის დემოკრატია - არ იქნება ეროვნული ერთობა და დასავლური კურსი. ვერ ვუყურებ, ეს როგორ მოხდება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას, ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, - წერს მარგველაშვილი.