საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, გარკვეულ სისხლის სამართლის საქმეებს ისეთი გამომძიებლები იძიებენ, რომლებსაც უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვთ. ამის შესახებ შოთაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
გენერალური პროკურორობის კანდიდატს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეების წარმოებისას პროკურორსა და გამომძიებელს შორის ფუნქციებიც მკვეთრად გამიჯნული უნდა იყოს.
„პროკურორებსა და გამომძიებლებს შორის ფუნქციების გამიჯვნის საკითხზე მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გარკვეული მუშაობა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ, როცა არის შესაძლებლობა, სიცხადის შეტანა საკანონმდებლო რეგულაციებში ყოველთვის მიზანშეწონილია. ნორმატიული აქტები და კანონები მაქსიმალურად განჭვრეტადი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. შესაბამისად, პროკურორებსა და გამომძიებლებს შორის ფუნქციების გამიჯვნას მივესალმები. ასევე მივესალმები გამომძიებლებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემას და მეტი ფუნქციებით დატვირთვას, მათ შორის საპროცესო გადაწყვეტილებებში მათი ჩართულობის კუთხით. ეს კომპლექსური პროცესია და ვფიქრობ, ამას თან უნდა სდევდეს გამომძიებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით საკმაოდ სისტემური და გეგმაზომიერი ღონისძიებები. ვინაიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული სისხლის სამართლის საქმეებს იძიებენ ისეთი გამომძიებლები, რომლებსაც უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვთ. ჩემი მოსაზრებაა, რომ როდესაც ხდება სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება, გამომძიებელს უმაღლესი იურიდიული განათლება უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა შოთაძემ და დასძინა, რომ პროკურატურას გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა აქვს.