logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში
- +

17 თებერვალი. 2020. 19:38

 

 

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

 

სუბარია ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 50 მილიონამდე თანხის გაფლანგვის ბრალდებაზე. შოთაძის თქმით, მთლიანი თანხა პარტიულ მიზნებს მოხმარდა.

 

მისივე თქმით, რეალურად სამსახური არ არსებობდა და პლასტიკური ბარათები, სადაც 14 მილიონი ჩაირიცხა, გაფლანგვის ერთ-ერთი ხერხი იყო.

 

„კითხვა დაისვა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საკითხზე, გაფლანგვის ნაწილში -„როდესაც საუბარია 50 მილიონამდე ლარის გაფლანგვაზე, საიდანაც 14 მილიონი გაიფლანგა ხელფასებზე და დანარჩენი პარტიას მოხმარდა“, ამ შემთხვევაში შემიძლია გარკვეული დაზუსტება შევიტანო, რომ 16 მილიონიც და დარჩენილი თანხაც საბოლოო ჯამში მოხმარდა ხსენებულ პარტიას, პარტიულ მიზნებს. ის ფაქტი, რომ ვიღაცებზე დამზადდა პლასტიკური ბარათები, სადაც ჩაერიცხათ 14 მილიონი, უბრალოდ იყო ამ გაფლანგვის ჩადენის ხერხი. დანარჩენი თანხა გამოტანილი იქნა პირდაპირ ბანკიდან მაღალი თანამდებობის პირების მიერ, ნაღდი ვალუტის სახით გამოტანილი იქნა „ლიბერთი ბანკიდან“ და დახარჯული იქნა პარტიული მიზნებისთვის. შესაბამისად, ეს იყო და არის ალბათ უდიდესი კორუფციული ფაქტი, რაც ყოფილა საქართველოს ისტორიაში და რაზეც დღეს განაჩენია დამდგარი“ ,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

შოთაძე განმარტავს, რომ პლასტიკური ბარათი ასეულობით ადამიანზე დამზადდა, თუმცა რეალურად ბარათები ამ მოქალაქეების მფლობელობაში არ იყო.

 

„რაც შეეხება 14 მილიონ ლარს და ამ ქმედებაში ჩართულ სხვა შესაძლო პირებს, ასეულობით ადამიანზე იყო პლასტიკური ბარათები დამზადებული 14 მილიონის შემთხვევაში, მაგრამ რეალურად ბარათები ამ მოქალაქეების სარგებლობაში არ იყო, გადაცემული ჰქონდათ რაიონულ კოორდინატორებს, რომლებიც ამ თანხას იყენებდნენ პარტიული მიზნებისთვის. რეალურად არანაირი სამსახური არ არსებობდა და უბრალოდ თანხები ირიცხებოდა კონკრეტული პირების ანგარიშებზე“, - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

 

ირაკლი შოთაძემ ისაუბრა სხვა კორუფციულ ფაქტებზეც, რომელიც, მისივე თქმით, ყოფილ მერს უკავშირდება.

 

„არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ყოფილი მერის მიერ ჩადენილი სხვა კორუფციული ფაქტები, რაზეც ასევე დადგენილია განაჩენი. შემიძლია გაგახსენოთ დასუფთავების სამსახურის თბილსერვისის საქმე, სადაც მსგავსი მეთოდით მოხდა ხუთ მილიონამდე ლარის გამოყენება პარტიული მიზნებისთვის, ასევე მინდა გაგახსენოთ „სითი პარკის“ საქმე, რომელზეც ჯერჯერობით განაჩენი არაა დამდგარი, მიმდინარეობს არსებითი განხილვა, სადაც მერიის მიერ შესაბამისი დარღვევებით ხდებოდა თანხების არამიზნობრივი ჩარიცხვა „სითი პარკისთვის“. აქ საუბარია ორ მილიონ ლარამდე“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შოთაძე ამბობს, რომ ამისთვის შესაბამისი სამართლებრივი გზა არსებობს.

 

„ვფიქრობ, აუცილებლად უნდა განხორციელდეს. იმ უწყებას, ვისაც შესაბამისად დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი და დღეს საკმაოდ ხმამაღლა შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ეს იყო დანაშაული, რადგან სამივე ინსტანციის განაჩენია უკვე დამდგარი, იმ უწყებას, რომლის საბიუჯეტო ასიგნებები არამიზნობრივად გაიხარჯა, უფლება აქვს, სამოქალაქო წესით იდავოს იმ არაკეთილსინდისიერი მოხელეების მიმართ, რომლებმაც მოახდინეს ამ თანხების არამიზნობრივი გახარჯვა და სამოქალაქო წესით, რეგრესით გზით მოითხოვოს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ეს არის სამართლებრივი გზა, როგორც უნდა მოხდეს თანხების ამოღება“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner