პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას მხარი დაუჭირეს.
დღევანდელ სხდომაზე ორი კენჭისყრა ჩატარდა. თავდაპირველად, მხარი დაუჭირეს ირაკლი შოთაძის კანდიდატურის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას. კომიტეტზე შოთაძემ რვა ხმა მიიღო.
ფარული კენჭისყრით ასევე დაუჭირეს მხარი იურიდიული კომიტეტის დასკვნას, რომლითაც კომიტეტი გასცემს რეკომენდაციას, ირაკლი შოთაძე არჩეულ იქნეს საქართველოს გენერალურ პროკურორად. აღნიშნულ კენჭისყრაზე შოთაძემ ასევე რვა დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.
შოთაძეს კომიტეტის სხდომაზე დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში უსმენდნენ.
პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ეყაროს. ირაკლი შოთაძეს თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს შეარჩია. კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს.