„რესტორნის აშენების შემოთავაზება მას შემდეგ განიხილება, რაც პროექტი შემუშავდება, ზოგადად მერია აქ მშენებლობის მომხრე არ არის და ისევ ადგილმონაცვლეობის საკითხს განიხილავს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასტუმრო "ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა, გოგა ზაქაიძემ განაცხადა, რომ კომპანია მზად არის, უარი თქვას სასტუმროს მშენებლობაზე, სანაცვლოდ კი ვალდებულებას იღებს, აღადგინოს 1958 წელს აშენებული რესტორანი "ბუდაპეშტი" ისტორიულად არსებული მოცულობისა და ფასადის შესაბამისად.
ინვესტორის განცხადებით, რესტორან "ბუდაპეშტის" მშენებლობისას არ დაზიანდება არც ერთი ნარგავი, დამატებით გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. განხორციელდება მასშტაბური ინვესტიცია და არსებული მდგომარეობის ნაცვლად, ტერიტორიას თავისი პირვანდელი სახე დაუბრუნდება. ასევე ტერიტორიაზე მოეწყობა ველო პარკი, სადაც პარკის დამსვენებლები სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ ამ სერვისით სარგებლობას.
სასტუმრო "ბუდაპეშტის" წამომადგენლის, გოგა ზაქაიძის განცხადებით, ინვესტორის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება შესაძლებლობას მისცემს თბილისის მუნიციპალიტეტს, დაზოგოს ბიუჯეტიდან 6 მილიონი დოლარის საკომპენსაციო თანხა და ასევე არ შეილახება მესაკუთრის სამართლებრივი უფლებები.
2019 წლის 25 იანვარს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სასტუმროს ინვესტორებთან შეხვედრის შემდეგ, თქვა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ არ აშენდება. მანამდე უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის აკრძალვაზე „მწავნე ალტერნატივას“ სარჩელი არ მიიღო.