„საქმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან კი არა, კრიმინალურ დაჯგუფებასთან გვაქვს“, – ამის შესახებ ფრაქცია მწვანეების” თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მან 20 ივნისის მოვლენებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში თამარ ჩერგოლეიშვილის გამოკითხვა მოითხოვა. მანვე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ტელეეთერით გაკეთებული განცხადებები აღიარებითი ჩვენება იყო.
„ბატონო ირაკლი, ხედავთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, დღეს დილითაც გამოჩნდა, თქვენც იცით და ჩვენც ვიცით, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან არ გვაქვს საქმე, ჩვენ საქმე გვაქვს რაღაც კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომელიც მთელ თავის მოღვაწეობას სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებებზე აგებს. ეს არის უტიფრობის, უზრდელობის, წამების, ათასი უბედურების შემქმნელი ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანი არ არის არც საარჩევნო სისტემა, არც არჩევნებში მონაწილეობა, არაფერი, ძირითადი მიზანია ქვეყნის დესტაბილიზაცია.
ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, როგორმე ის შტურმი, რომელიც პარლამენტის ასაღებად იყო მომზადებული და ფაქტობრივად ჯგუფური დანაშაული იყო, წარმოადგინონ საერთაშორისო დონეზეც კი, თითქოს ეს იყო რაღაც გამოხატვის უფლება და ა.შ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ პოლიტპატიმრებად წარმოადგინონ მკვლელები და ხაზინის ქურდები, ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს გარეთ გაიტანონ, თავი მოჭრან საქართველოს, რათა როგორმე ჩვენი ევროპული, დასავლური ორიენტაცია შეცვალონ და ჩვენი ნატო-ში ურთიერთობა შეაჩერონ. ვის ინტერესებშია ეს, კარგად მოგეხსენებათ, თუ მათ ხელისუფლებაში ყოფნის ისტორიას გადახედავთ, ძალიან კარგად მიხვდებით, მაშინაც ვიზე მუშაობდნენ. ეს შესავალი ტყუილად არ გავაკეთე, ამის მწვერვალი იყო 20 ივნისის ამბავი, შტურმი, რომელიც პარლამენტის ასაღებად იყო მოფიქრებული”, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.